დიმიტრი გვრიტიშვილი - პარლამენტში მოსამართლეების დაბარება და ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ცალკეული მათგანის დემონიზებას და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად
ინდივიდუალური მოსამართლეების დაბარება და მათთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ასეთ საჯარო რეჟიმში ერთადერთ მიზანს ემსახურება, როგორმე გაგრძელდეს ის ორკესტრირებული კამპანია, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის მიზანიც არის ცალკეული მოსამართლეების დემონიზება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
გვრიტიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა, საბოლოო ჯამში, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას მოემსახურება.
„რატომ იქმნება ეს კომისია? რატომ წამოვიდა ეს ინიციატივა? თითქოს არსებობს რაღაც კორუფციული ფაქტები სისტემაში. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ ბრალდების გამჟღერებლის მხრიდან კონკრეტიკა, მტკიცებულებების წარმოდგენა, ფაქტების მითითება, რომ გაგვეცა კვალიფიციური პასუხი. სამწუხაროდ, არ ხდება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის წარდგენა. ეს ცინიზმის გამოხატულებაა. ამიტომ, ვფიქრობ, ერთი სამართლებრივი პრობლემა აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ კუთხით, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებას რაღაცნაირად გააკონტროლებინონ სასამართლო ხელისუფლება, რაც დაუშვებლად მიმაჩნია. მეორე – აქ ვხედავ აბსოლუტურად პოლიტიკურ შემადგენელს, ეს იმ პროცესის ნაწილია, რაც უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლოს დისკრედიტაციის მიზნით. კენჭისყრის ჩავარდნაში არაკონსტიტუციური არაფერია. რეგლამენტით განსაზღვრული წესით, პროცედურების დაცვით იმოქმედა უმრავლესობამ, როდესაც პლენარული სხდომის გახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ კვორუმი არ შეიკრიბა. ამაში მე კანონდარღვევას და არაკონსტიტუციურს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.