დიმიტრი გვრიტიშვილი - მე და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილი მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში ცდილობდა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, ინდივიდუალური მოსამართლეების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას.
გვრიტიშვილის თქმით, ალექსანდრე გზირიშვილთან დაკავშირებული განცხადებაც იმავე კამპანიის გაგრძელებაა.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბულინგის კლასიკური მაგალითი, როდესაც საბჭოს წევრი ჯანეზაშვილი ცდილობდა მოსამართლეობის ახალგაზრდა კანდიდატის დამცირებას, მისი ღირსებისა და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას. როდესაც ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არა მხოლოდ იმ უდავო ფაქტზე მიუთითოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის ლევან გზირიშვილის შვილი, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნები და მოსამართლედ განმწესდეს, რაც ჯანეზაშვილმა არათუ დაამტიცა, არც უცდია. ამიტომ ნეპოტიზმზე საუბარი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, კიდევ ერთი გამოხდომაა საბჭოს არამოსამართლე წევრის. მე და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება.
ნაზი ჯანეზაშვილი მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში ცდილობდა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, ინდივიდუალური მოსამართლეების ღირსებისა და მათი რეპუტაციის შელახვას. ესეც იმავე კამპანიის გაგრძელებაა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი 24 ივნისის შემდეგ, მას მერე, რაც მას ვადა ამოეწურება უზენაეს საბჭოში, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შვილის მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.
ჯანეზაშვილის თქმით, საბჭო მსჯელობს, მოსამართლედ განამწესოს საბჭოს არამოსამართლე წევრ ლევან გზირიშვილის შვილი – ალექსანდრე გზირიშვილი.
ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, „არამოსამართლე წევრების დიდ ნაწილს ივნისში ვადა ეწურება და ლევან გზირიშვილი ბენეფიტად იღებს სავარაუდოდ თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას“.