დიმიტრი გვრიტიშვილი - მივმართეთ პრემიერს, როგორც ქვეყანაში უსაფრთხოებაზე უპირველესად პასუხისმგებელ პირს, მოგვისმინოს, გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლებსაც მივაწვდით და რეაგირებას დაველოდებით
სტატუსის თვალსაზრისით, ჩემსა და მიხეილ ჩინჩალაძეს, მურუსიძესა და შენგელიას შორის რაიმე განსხვავებას ვერ ვხედავ. ამიტომ დავსვი რიტორიკული შეკითხვა, რა ნიშნით გამოირჩა ეს ხალხი, რატომ დასანქცირდნენ ისინი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეები კანონის საფუძველზე ახორციელებენ მართლმსაჯულებას.
„ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და ირაკლი შენგელიას ჩემგან ისეთი განსხვავებული არაფერი გაუკეთებიათ. ჩვენ ვართ მოსამართლეები, კანონის საფუძველზე ვახორციელებთ მართლმსაჯულებას, ასევე, გარკვეულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, რომლებიც იქნება უშუალოდ სასამართლოში თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, სტატუსის თვალსაზრისით, ჩემსა და მიხეილ ჩინჩალაძეს, მურუსიძესა და შენგელიას შორის რაიმე განსხვავებას ვერ ვხედავ. ამიტომ დავსვი რიტორიკული შეკითხვა, რა ნიშნით გამოირჩა ეს ხალხი, რატომ დასანქცირდნენ ისინი. გაკვირვება გამოვხატე“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რა მიზნით სურთ მოსამართლეებს პრემიერთან შეხვედრა.
„პრემიერთან შეხვედრას ვითხოვთ, რადგან საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, ასე ვთქვათ, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე. უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი კომპონენტი უდავოდ არის სასამართლო ხელისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის ქვაკუთხედია. ეს არის აღიარებული ჭეშმარიტება. ამიტომაც, მას, როგორც ქვეყანაში უსაფრთხოებაზე უპირველესად პასუხისმგებელ პირს, მივმართეთ, მოგვისმინოს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, ფაქტი, რომელსაც მივაწვდით და შემდგომ რეაგირებას დაველოდებით. მაგალითად, ძალიან გამიხარდა ილია დარჩიაშვილის წერილის შესახებ რომ გავიგე. ეს პირველი ნაბიჯია საქართველოს მთავრობისგან, რომლითაც აშშ-ს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვეს. ხაზია გასმული, რომ როდესაც შენს პარტნიორ სახელმწიფოდ აღიარებულ ქვეყანაში მოქმედ მოსამართლეს უმძიმესი ბრალდებით ასანქცირებ, ამისთვის მყარი ფაქტობრივი საფუძველი გჭირდება, დადასტურებული მტკიცებულებებით. ამიტომ საქართველოს მთავრობამ, შეიძლება ითქვას, პირველი ქმედითი რეაგირება უკვე გააკეთა და პარტნიორისგან განმარტება მოითხოვა“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, „აშშ ხომ არ ლახავს სუვერენიტეტს და ამიტომ ითხოვთ მთავრობასთან შეხვედრას“, გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი განცდა აქვს.
„ეს განცდა გამიჩნდა. ჩემს კოლეგა მოქმედ მოსამართლეებს ბრალი დასდეს კორუფციაში და დაასანქცირეს. ყველა გონივრულად მოაზროვნე ადამიანს, მოქალაქეს, კოლეგას, სულ მცირე, კოლეგიალობიდან გამომდინარე და შემდეგ თუ გავყვებით მოქალაქის სტანდარტს, გონივრულად მოაზროვნე ადამიანის სტანდარტს, პარტნიორის სტანდარტს, რომელსაც კარგად ესმის საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი – ნებისმიერი ადამიანის რეაქცია, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის სუვერენიტეტი, იქნებოდა ისეთი, როგორიც მაქვს მე და ჩემს კოლეგებს. ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არსებობს, თუ მას სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული სასამართლო ჰყავს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
გვრიტიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა იმის შესახებაც, რომ სასამართლოზე თუ იყო ზეწოლა ან ზეწოლის მცდელობა, რაზეც მურუსიძემ ისაუბრა, ამდენ ხანს ჩუმად რატომ იყვნენ.
„ჩვენ როდესაც ხელმეორედ აგვირჩიეს საბჭოში, ლევან მურუსიძემ მაშინაც ისაუბრა ამ ფაქტებზე. თუ არ ვცდები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ იყო მსგავსი ვიზიტები საბჭოში და ასეთი შეთავაზებები. მეც ვისაუბრე საბჭოს სხდომაზე, როცა განცხადებას ვაკეთებდი, რომ ყველა დონის სამუშო ჯგუფში მონაწილეობას ვიღებდი, რომლის საფუძველზეც შემდგომ რეფორმები ხორციელდებოდა. იქ თავად ქალბატონი ელჩი ხანდახან უშუალოდ, ხანდახან საკუთარი წარმომადგენლის მეშვეობით, მაგალითად, ესენი იყვნენ მაიკლ გრანტი და გიორგი ჩხეიძე ან მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ხელმძღვანელები, ძალიან აგრესიული ფორმით ცდილობდნენ მათთვის მისაღები, ოღონდ, ჩვენი მოსაზრებით, საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამო საკანონმდებლო წინადადებების წარმოდგენას და კანონად ქცევას. ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. ამ ფაქტებზე სრულყოფილად ახლა ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მოთხოვნით და მიმართვის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა თუ შედგება, ვესაუბრებით ამ ფაქტებზე მეც, ლევანიც და ჩემი კოლეგებიც, რომლებიც იქ იქნებიან“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.