დიმიტრი გვრიტიშვილი - მაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი შენგელიასთან ერთად დანარჩენი კოლეგებიც აპირებენ, სარჩელით მიმართონ აშშ-ის სასამართლოს, ირაკლი შენგელია ამ დავაში მარტო არ იქნება
დიმიტრი გვრიტიშვილი - მაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი შენგელიასთან ერთად დანარჩენი კოლეგებიც აპირებენ, სარჩელით მიმართონ აშშ-ის სასამართლოს, ირაკლი შენგელია ამ დავაში მარტო არ იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ინფორმაციით, ირაკლი შენგელიას მსგავსად, სხვა მოსამართლეებიც, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, აპირებენ, სარჩელით მიმართონ აშშ-ის შესაბამის სასამართლოს.

როგორც გვრიტიშვილი აცხადებს, მისი ინფორმაციით, ირაკლი შენგელია დავაში მარტო არ იქნება.

„ჯერ მხოლოდ ირაკლი შენგელიამ დააფიქსირა მკაფიოდ, რომ აპირებს სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს. ვინაიდან უცხო სახელმწიფოშია ეს სარჩელი წარსადგენი, გასარკვევია პროცედურა დეტალურად. ჩემი ინფორმაციით, ეს სარჩელი მზადდება. ასევე, მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ დანარჩენი კოლეგებიც ირაკლი შენგელიასთან ერთად აპირებენ იმავე სარჩელით მიმართონ ამერიკის შესაბამის სასამართლოს. დეტალებს ვერ გეტყვით, უბრალოდ, ინფორმაცია მაქვს, რომ ირაკლი შენგელია ამ დავაში მარტო არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მოსამართლე ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ იწყებს აქტიურ მოქმედებებს, რათა მიმართოს აშშ-ის მართლმსაჯულების ორგანოს და სადავო გახადოს სანქცირებაზე მიღებული გადაწყვეტილება.