ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები აკრიტიკებდნენ მოლდოვაში „ვეტინგის“ კომისიის ხელმძღვანლის, ჰერმან ვან ჰებელის აქტივობებს, რომლებმაც სასამართლოს 760 000 ევროს ზიანი მიაყენა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
გვრიტიშვილს „ფეისბუქპოსტში“ არგუმენტები მოჰყავს იმის შესახებ, რატომ ეწინააღმდეგებიან ქართველი მოსამართლეები ე.წ. ვეტინგს.
„გასული დღეების განმავლობაში მე და ჩემმა კოლეგებმა ბევრი ვისაუბრეთ ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით. შევეცადეთ, წარმოგვეჩინა მისი არაკონსტიტუციური, მავნებლური და უხეში ხასიათი, რის გამოც მას არავითარი კავშირი აქვს სისტემის რეფორმირებასთან, მის გაჯანსაღებასთან, პირიქით, ეს პროცედურა არღვევს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ფეხქვეშ თელავს ცალკეული მოსამართლეების ღირსებას, მათ როგორც ინდივიდუალურ, ისე სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამჯერად, მსურს, ვისაუბრო ე.წ. ვეტინგის ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე, რომელიც ტოვებს სივრცეს შესაძლებლობისათვის, ის გამოიყენონ სუფთა პოლიტიკურ იარაღად. ამისი ყველაზე მკაფიო მაგალითი არის უკრაინა, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ორი ახალი პრეზიდენტის პირობებში ორი ე.წ. ვეტინგი განხორციელდა, რაც ადასტურებს, რომ პრაქტიკაში ეს პროცედურა არის არაერთჯერადი ხასიათის, რაც გამორიცხავს მავანთა მტკიცებას, რომ ე.წ. ვეტინგს მხოლოდ ერთჯერადი და საგამონაკლისო ხასიათი აქვს. ქვემოთ მოტანილი ფაქტების ანალიზი ქმნის მყარ საფუძვლებს დასკვნისათვის, რომ ე.წ. ვეტინგი, უკრაინის შემთხვევაში, გამოყენებულია სასამართლოს სრული დამორჩილების პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და მას საერთო არაფერი აქვს სამართლებრივ რეფორმასთან. სწორედ ე.წ. ვეტინგის საშუალებით ჯერ პრეზიდენტმა პოროშენკომ, 2016 წლიდან მოყოლებული, განდევნა უკრაინის სასამართლო სისტემიდან მისთვის არასასურველი მოსამართლეები და დაანიშნინა მისდამი ლოიალურად განწყობილი პირები; ხოლო შემდეგი პრეზიდენტის, ზელენსკის დროს კი, 2021 წლიდან დაიწყო მოსამართლეთა განდევნა-ჩანაცვლების ახალი და უფრო მასშტაბური პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. უკრაინის სასამართლო სისტემის პირველი მასობრივი წმენდა განხორციელდა 2016 წლიდან, როდესაც პრეზიდენტი გახდა პეტრო პოროშენკო, კერძოდ, შეიქმნა საკვალიფიკაციო კომისია, რომელიც მოსამართლეებს აფასებდა კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის, ეთიკისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის კრიტერიუმებით. რეორგანიზაციის და აღნიშნული „შეფასების“ შედეგების საფუძვლით, მოქმედი მოსამართლეები, მათ შორის, უზენაესი სასამართლოდან, დაითხოვეს თანამდებობებიდან და მათი ვაკანსიები შევსებულ იქნა არასრულად, პოლიტიკური ხელისუფლებისათვის მისაღები კადრებით.
საყურადღებოა ერთი ფაქტი: ჩატარებული „რეფორმის“ შედეგების დადებითი დინამიკის დასადასტურებლად, USAID-ის პროექტის ფარგლებში 2017 წლის სექტემბერში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმად, ხელისუფლების შტოებს შორის საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობით (გამოკითხულთა 12%) სარგებლობდა სასამართლო სისტემა (მთავრობას მიაკუთვნეს ათი პროცენტი; რადას – რვა პროცენტი). თუმცა, როგორც ჩანს, „რეფორმამ“, სასამართლოზე სრული კონტროლის მოპოვების თვალსაზრისით, ბოლომდე არ გაამართლა მის ინიციატორთა იმედები. ამის გამო, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების და ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების კვალდაკვალ, 2021 წლიდან დაიწყო ახალი, რადიკალური „რეფორმა“, იმ თვალსაზრისით, რომ ახალ პრეზიდენტს თვალში არ მოსდიოდა პოროშენკოს დროს დანიშნული ან დაწინაურებული მოსამართლეები, ასევე „რეფორმა“ უნდა ყოფილიყო ყოვლისმომცველი.
კერძოდ: 1. „რეფორმის“ შედეგად შექმნილ უმაღლეს საკვალიფიკაციო კომისიას, ერთი მხრივ, უნდა შეევსო პოროშენკოს დროიდან წარმოშობილი მოსამართლეთა 2 000-მდე ვაკანტური თანამდებობა; მეორე მხრივ, ატესტაციისათვის უნდა დაექვემდებარებინა 5 000-მდე მოქმედი მოსამართლე; 2. „რეფორმის“ შედეგად, შეიქმნა ეთიკის საბჭო, რომელსაც მიენიჭა უფლებამოსილება, შეემოწმებინა უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრების საქმიანობა და მათი შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობებთან; ეთიკის საბჭოს დასკვნა უარყოფითი თუ იქნებოდა, მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს წევრი თავისუფლდებოდა თანამდებობიდან, ამ წევრის დამნიშნავი სუბიექტის გადაწყვეტილების გარეშეც.
მთავარი ფაქტორი, რითიც მიმდინარე „რეფორმა“ განსხვავდება „რეფორმის“ პოროშენკოსდროინდელი ეტაპისაგან, არის ის, რომ სასამართლო სისტემაში საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად გადამწყვეტი როლი მიენიჭა უცხოელი „საერთაშორისო ექსპერტების“ მოსაზრება-შეფასებებს. მაგალითად, ექვსი პირისგან (სამი მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე, სამი უცხოელი „საერთაშორისო ექსპერტი“. აღნიშნული „ექსპერტები“ კომისიის წევრები ხდებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარდგინებით) შემდგარი ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო, სულ მცირე, ორი „საერთაშორისო ექსპერტის“ თანხმობა. ანუ, ექვსწევრიანი კომისია ოთხი ხმითაც კი (სამი მოსამართლე, პლუს ერთი „საერთაშორისო ექსპერტი“) ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუ დანარჩენი ორი „საერთაშორისო ექსპერტიდან“ ერთ-ერთი მაინც არ დაეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას. სხვა სიტყვებით, გარკვეული მიზნებისათვის შეთანხმებით მოქმედ ორ „საერთაშორისო ექსპერტს“ შეუძლია, მთელი ამ კომისიის საქმიანობის პარალიზება გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის მარეგულირებელ ამ საკანონმდებლო ჩარჩოს, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის შემლახავ აქტს, ერთსულოვნად ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის ოპოზიციური პოლიტიკური ძალები. სამაგიეროდ, ამგვარ რეგულაციებს ერთხმად მიესალმნენ აშშ, ევროკავშირი, ვენეციის კომისია, სავალუტო ფონდი.
ე.წ. ვეტინგის კიდევ ერთ ბნელ მხარეს წარმოაჩენს უკრაინის უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის – ვსევოლოდ კნიაზიევის წინააღმდეგ აღძრული, ბურუსით მოცული საქმეც, რომლის წარმოებისას, სასურველი შედეგის მისაღწევად გამოიყენეს დაუშვებელი, უკანონო და არაოფიციალური მეთოდები. კერძოდ: 1. 2023 წლის 16 მაისს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (Nabu) და უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის (Sapo) ხელმძღვანელებისგან გამართული ბრიფინგით გაირკვა, რომ ვსევოლოდ კნიაზიევი დააკავეს 2.7 მილიონი დოლარის ქრთამის აღების შესახებ ბრალდებით, ფინანსური და საკრედიტო ჯგუფის (რომელიც ეკუთვნოდა ბიზნესმენ კონსტანტინ ჟევაგოს) სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების სანაცვლოდ. თუმცა, უცნაურია ის გარემოება, რომ თავად ჟევაგოსთვის ქრთამის მიცემის შესახებ ბრალდება არ წარუდგენიათ. მეტიც, ეს პიროვნება თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და უკრაინის დაჟინებული მოთხოვნა მისი ექსტრადიციის შესახებ (ოღონდ, სხვა, 2022 წელს წარდგენილი ბრალდების საფუძველზე) არ კმაყოფილდება; 2. კნიაზიევის დაკავების პარალელურად, საამისოდ აუცილებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე, ერთდროულად მოხდა უკრაინის უზენაესი სასამართლოს 18 მოსამართლის კუთვნილი პირადი სივრცეების (საცხოვრებელი, სამუშაო და ა.შ.) ჩხრეკის ჩატარება, იმ საფუძვლით, რომ გამოვლენილიყვნენ კორუფციულ სქემაში ჩართული სხვა მოსამართლეები. ამ მოსამართლეებს, ფაქტობრივად, დახურულ კარს მიღმა ამყოფებდნენ, ოღონდ ოფიციალური დაკავების გარეშე, მანამ, სანამ არ მიიღეს მათგან თანამშრომლობის გარანტიები და დაპირება, რომ უზენაესი სასამართლო გაემიჯნებოდა ვსევოლოდ კნიაზიევს და დათანხმდებობა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. ამის შემდეგ აღნიშნული მოსამართლეები გაათავისუფლეს შეზღუდვებისაგან და მათ წინააღმდეგ არავითარი ოფიციალური ბრალდება აღარ წარუდგენიათ; 3. Nabu-ის ხელმძღვანელმა, სემიონ კრივონოსმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ვსევოლოდ კნიაზიევი და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები ცდილობდნენ, ზეგავლენა მოეხდინათ უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის (იღებს გადაწყვეტილებებს უკრაინის სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნების შესახებ) წევრთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსზე, რომელიც უნდა დასრულებულიყო სწორედ 2023 წლის მაისში. თუმცა ოფიციალურად ბრალდება ამის თაობაზე ვსევოლოდ კნიაზიევისათვის არ წარუდგენიათ. აღნიშნული ფაქტები ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ვსევოლოდ კნიაზიევის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოების რეალური საფუძველი და მიზანი იყო მისი თანამდებობიდან გადაყენება და სისტემიდან განდევნა.
შეჯამების სახით, აღვნიშნავ, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურისათვის კანონზომიერი და სისტემატიური ხასიათის მიცემით საერთოდ ანულირდება სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის აუცილებელი, უპირველესი გარანტია, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა. თუ ყოველ მომდევნო პოლიტიკურ ხელისუფალს შეეძლება, „კორუფციისგან გაჯანსაღების“ მოტივით განახორციელოს სისტემის წმენდა მისთვის მიუღებელი მოსამართლეებისაგან, რაღა აზრი აქვს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას? ფაქტობრივად, გამოდის, რომ ისინი თანამდებობაზე ინიშნებიან კონკრეტული პოლიტიკური ძალის მმართველობის პერიოდით, რაც დაუშვებელია. ე.წ. ვეტინგს, გარდა ამ არგუმენტირებული მოსაზრებებისა, ვეწინააღმდეგებით კიდევ იმიტომ, რომ სხვა სახელმწიფოებში მისი განხორციელება, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება ისეთი ადამიანების სახელებს, როგორიცაა, მაგალითად, ზურაბ ადეიშვილი, რომლის თაოსნობითაც საქართველოში 2004-2005 წლებში განხორციელდა კიდეც მოსამართლეთა მასობრივი წმენდა.
ასევე ცნობილია, რომ საქართველოში არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები, ამ ადამიანის მიერ რამდენიმე დანაშაულის ჩადენის გამო. არ გვაქვს არავითარი გარანტია, რომ ე.წ. ვეტინგის საქართველოში დაშვების შემთხვევაში „საერთაშორისო ექსპერტებად“ ამგვარი ადამიანები არ მოგვევლინებიან. მიუხედავად მისი ექსტრადიციის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს არაერთი მოთხოვნისა, ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის სახელმწიფოებში და არამხოლოდ გადაადგილდება, საპატიო სტუმრადაც კი გვევლინება გერმანიის ბუნდესტაგსა თუ ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში. ჰერმან ვან ჰებელს კი, რომელიც „საერთაშორისო ექსპერტის“ სტატუსით ე.წ. ვეტინგის კომისიას (რომელშიც ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორიაც გვევლინება წევრად, ასევე „საერთაშორისო ექსპერტის“ სტატუსით) ხელმძღვანელობს მოლდოვაში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განხორციელებული რეფორმატორული აქტივობების გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ ამავე სასამართლოს მოსამართლეები და ამტკიცებდნენ, რომ ამ აქტივობებმა 760 000 ევროს ოდენობით ზიანი მიაყენა სასამართლოს“, – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.