დიმიტრი გვრიტიშვილი - გამოიკვეთა, რომ ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიზანია პროცესის საბოტაჟი და დისკრედიტაცია
გამოიკვეთა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიზანია ამ პროცესის გარკვეულწილად, საბოტაჟი და დისკრედიტაცია, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ზურაბ აზნაურაშვილთან გასაუბრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებით, გასაუბრების პროცესში გამოიკვეთა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, ადგილი ჰქონდა არარელევანტური კითხვების დასმას, რომელსაც არ აქვს კავშირი კანდიდატის კეთილსინდისირებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებთან.
მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ საბჭოს ყველა წევრს თანაბრად მიეცეს კითხვის დასმის საშუალება,საჭიროა გატარდეს გარკვეული ზომები. საბჭოს წევრის განცახდებით, იმისთვის რომ არ გაჩნდეს სპეკულაციების საფუძველი, რომ არამოსამართლე წევრებს ნაკლები დრო ექნებათ კითხვების დასმისთვის, გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მათ მოსმაართლე წევრებისგან განსხვავებით ორმაგი დრო დაეთმობათ.
„ცხადად გამოიკვეთა, რომ საბჭოს საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიზანია ამ პროცესის გარკვეულწილად, საბოტაჟი და დისკრედიტაცია.
მაგალითად, იყო ისეთი შეკითხვები, როგორია თქვენი საყვარელი მხატვარი, ნაწარმოები, მწერალი და ა.შ. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ამ პროცესის ჩაშლას და დისკრედიტაციას. ჩვენ, გავატარებთ გარკვეულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ ყველა წევრს, როგორც არამოსამართლე, ისე მოსამართლე წევრს, კანდიდატის უფლებების გათვალისწინებით გონივრული დრო მიეცეს იმისათვის, რომ შესაბამისი კითხვების დასმით მოგროვდეს ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომ კანდიდატების სათანადო შეფასებას“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, საბჭო შეეცდება, რომ დღეს დაასრულოს დაგეგმილ ხუთ კანდიდატთან გასაუბრება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ წინასწარ რთულია პროგნოზირება რამდენად შესაძლებელი იქნება დღეს ამ პროცესის გეგმის მიხედვით დასრულება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.