დიმიტრი გვრიტიშვილი - ბესარიონ ალავიძე განცხადებებს არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით აკეთებს, რომ საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს
იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ყოფილი კოლეგა მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ბრალდებებს სპეციალური განცხადებებით ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, წარსულში მასზე განხორციელდა ზეწოლა, რომ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც ე.წ. კლანს და ხელისუფლებას აწყობდა.
დიმიტრი გვირტიშვილი ამ განცხადებას აბსურდსა და სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად აფასებს და ამბობს, რომ ბესარიონ ალავიძე მსგავსი ტიპის განცხადებებს არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით აკეთებს, რომ მიიღოს საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი, მისთვის და მისი ოჯახისთვის.
„სამწუხაროდ, ვიხილე ღირსებადაკარგული ჩემი კოლეგა, რომელიც ენჯეოსექტორის ხელში ფაქტობრივად არის მოლაპარაკე თოჯინა, მარიონეტად გადაქცეული. მისი ცილისმწამებლური კამპანიის წარმოება არის ის, რომ არსებობს გარიგება მასსა და ენჯეოსექტორს შორის, რათა მსგავსი სიბინძურეების, უკადრებელის კადრების სანაცვლოდ, მას გარანტირებული ექნება პოლიტიკური თავშესაფარი რომელიმე უცხო სახელმწიფოში, დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან მანამდეც მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ, როდესაც ეკა გიგაურის წერილის საფუძველზე მას პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა. ამიტომაც, ბესარიონ ალავიძის შემთხვევაშიც ანალოგიურ მიზანთან და გეგმასთან გვაქვს საქმე. მეორე, იგი საუბრობს, რომ წლების განმავლობაში მისი და მისი კოლეგების მიმართ, სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემის მესვეურების მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, ქუჩური გარჩევაც კი ახსენა, თუმცა კონკრეტული ფაქტები, როგორც მანამდე, მას არ დაუსახელებია.
ამ განცხადების გაკეთების შემდეგ დავინტერესდი, კიდევ ერთხელ მოვიძიე 2017 წლის აპრილში მასმედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბატონი ბესარიონ ალავიძე, რომლის მიმართვის საფუძველზეც პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, 2017 წლის იანვარში მიღებული ტექსტური შეტყობინებებიდან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მან და ერთ-ერთმა მოსამართლემ მიიღეს ტექსტური შეტყობინება. ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2017 წლის 5 აპრილს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, ეს ინფორმაცია დღესაც არის ხელმისაწვდომი. ცალსახად აცხადებდა ალავიძე, რომ არც მანამდე, არც „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვამდე და არც შემდგომ პერიოდში მასზე არანირი ზეწოლა არ განხორცილებულა. ანუ, პროკურატურა ავრცელებდა ამ განცხადებას და ბატონი ბესარიონიც ამას ეთანხმებოდა, შესაბამისად, რა გამოდის? გუშინ მოვუსმინე, რომ თურმე საწინააღმდეგოს ამტკიცებს. გამოდის, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის მიუცია ცრუ ჩვენება, სამართალდამცავი ორგანო ცრუ მიმართულებით გაუშვია. ის, რომ ენჯეოსექტორსა და მას შორის არსებობს გარიგება, დასტურდება ერთი ჩემი კოლეგის განმარტებით ამ ეტაპზე მის სახელს და გვარს არ ვასახელებ, თუმცა მოვა დრო და ისიც დასახელდება, რომელთან საუბარშიც ბესარიონ ალავიძემ აღნიშნა, რომ თუ დარჩება სისტემაში, კარგი, თუ არადა შემდგომში მას გარანტირებული ექნება უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მისი შვილებისთვის იქნება უზრუნველყოფილი უკეთესი განათლება, თუ ამ ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას განახორციელებდა ენჯეოების დაკვეთით. კოლეგასთან საუბარში აქვს ნასაუბრევი ამ გარიგების შესახებ. არ ვამბობ ამ კოლეგის სახელსა და გვარს თვითონ ერიდება, არც გააჩნია საუბრის კონკრეტული ფაქტები, ზოგადად საუბრობს. ამიტომ, ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე აცხადებს, რომ თურმე სასამართლო სისტემაში არსებობს გაუსაძლისი პირობები და ე.წ. კლანი თარეშობს, მაშინ ჩნდება ასეთი კითხვა, რატომ სცადა, 2021 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობა.
„კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე რატომ მივიდა მის მიერ ე.წ. კლანის წევრად მითითებულ მოსამართლესთან თხოვნით, რომ სისტემაში დაეტოვებინათ და სანაცვლოდ არასდროს გამოხატავდა საწინააღმდეგო მოსაზრებას“, – აცხადებს გვრიტიშვილი.