დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძის სარჩელზე ჩემი პოზიცია სასამართლოს მას შემდეგ წარედგინება, რაც სარჩელის არგუმენტაციას გავეცნობი
დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძის სარჩელზე ჩემი პოზიცია სასამართლოს მას შემდეგ წარედგინება, რაც სარჩელის არგუმენტაციას გავეცნობი

იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის მისამართით გამოთქმული ბრალდებების უარყოფას არ აპირებს. გვრიტიშვილი ანა დოლიძის სარჩელის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც სარჩელი ჩაბარდება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და მას დოლიძის ღირსება არ შეულახავს.

გვრიტიშვილი სამართლებრივ ბრძოლაში ჩართვას და საკუთარი პოზიციის დაცვას გეგმავს.

„პროცესი, როგორც ჩანს, იღებს ოფიციალურ სამართლებრივი პროცედურის სახეს, ანუ საქმე უკვე ცხადია, რომ სასამართლოს განსახილველი ხდება. მოქმედი ეთიკური წესებიდან გამომდინარე, აგრეთვე იქიდან გამომდინარე, რომ პატივს ვცემ ჩემს სტატუსს და ასევე ჩემს კოლეგას, რომელსაც ამ საქმის განხილვა მოუწევს, ისედაც არაკომფორტული იქნება მისთვის ანა დოლიძის საზოგადოების პირობებში ამ საქმის განხილვა, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ.

ჩემი პოზიცია, როგორც მოპასუხის, სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც ჩამბარდება სარჩელი და გავეცნობი მის არგუმენტაციას. მოვამზადებ წერილობით შეპასუხებას და ასევე შემდგომში, როდესაც დაინიშნება საქმის არსებითი განხილვა ან უშუალოდ, ან ადვოკატის მეშვეობით მივიღებ მასში მონაწილეობას. იქ გახდება თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი ჩემი პოზიცია“,- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დოლიძის განცხადებით, გვრიტიშვილმა მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს აგვისტოს ომის დროს ის რუსეთში იმყოფებოდა და რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.