იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ათი ქართველი მოსამართლის აშშ-ში საქმიან ვიზიტზეა საუბარი.
„ათი მოსამართლე 26 მარტი-7 აპრილის განმავლობაში იყო სასწავლო ვიზიტით აშშ-ში. ერთგვარად, პროვოკაციული იყო ის განცხადება, რაც გუშინ გავრცელდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რომ ისინი ამაყობენ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეებით. იქ ფოტო იყო მოსამართლეების გამოდებული. როგორც ჩანს, ისეთი განცდის, აღქმის შექმნა უნდოდათ, რომ, აი, ესენი არიან, ვინც ამერიკაში მიბრძანდებიან სასწავლო ვიზიტით, ესენი არიან კარგი მოსამართლეები. დანარჩენი, ვისაც კრიტიკული პოზიცია გვაქვს ამერიკის მესვეურთა ქმედებებთან მიმართებაში, ვართ ცუდი მოსამართლეები. ანუ გათვლა, ისევე როგორც იმ სანქცირების გათვლა, იყო განხეთქილების შეტანა. ასევე მესიჯი, გზავნილი თითოეული მოსამართლის მიმართ, რომ, აი, თქვენ თუ ჭკვიანურად არ მოიქცევით, ისეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, რომელიც მოეწონება ამერიკის ელჩს, მაშინ იგივე ბედი გელით, რაც დაემართათ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, შენგელიას. მეორე მხრივ, გათვლაა იმაზე, რომ თუ ამერიკაში წახვალ, კარგი მოსამართლე ხარ, თუ არ წახვალ – ცუდი. მიზანი ერთია – სისტემის პარალიზება და შემდგომში გავლენის მოპოვება ამ სისტემაზე. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი მეთოდები, ჯერ ერთი, რომ არ ეკადრება ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოს წარმომადგენელს, როგორიც აშშ-ია, თან საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს, და მეორე, ეს მეთოდი, ეს გათვლა არ მუშაობს და არც იმუშავებს მომავალში“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
რაც შეეხება გვრიტიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ აშშ-ში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტზე სამმა მოსამართლემ უარი თქვა, გვირტიშვილი ვარაუდობს, რომ ეს უარი ერთგვარი სოლიდარობის აქტია.
„ჩემი კოლეგების სანქცირების გადაწყვეტილების მიზანი იყო გარკვეული განხეთქილება სამოსამართლეო კორპუსში. თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ასეთი მეთოდი არ იმუშავებდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში ხუთი მოსამართლიდან სამმა უარი თქვა; მე ვივარაუდე, რომ ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქტი. მათთან კომუნიკაცია არ მქონია. ვივარაუდე, რომ ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი იქიდან გამომდინარე, რომ ორიოდე წლის წინათ იმავე მოსამართლეებმა დააფიქსირეს ლაშა ჩხიკვაძესთან მიმართებაში სოლიდარობა. ლაშა ჩხიკვაძემ როდესაც ისაუბრა ღიად მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მაშინ ერთგვარი სანქცირება მის მიმართაც გამოიყენეს და არ წაიყვანეს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში. შესაბამისად, დანარჩენმა მოსამართლეებმაც სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს იმ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ამერიკაში გამგზავრებაზე. საბჭოში როდესაც შემოვიდა ოფიციალურად განცხადებები მოსამართლეების, იქ რამე დამატებითი განმარტება არ ერთვოდა. ფორმალობაა, როდესაც მოსამართლე ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მიდის რამდენიმე დღით სასწავლო მიზნებისთვის, ფორმდება მივლინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სასწავლო ვიზიტი იგეგმებოდა. შემოდის დღეს მოსამართლეთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი აღარ მიემგზავრებიან აშშ-ში და ითხოვენ, მივლინება აღარ გაუფორმდეთ. მხოლოდ ეს ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. უბრალოდ, წარსულში არსებული იმ ფაქტიდან გამომდინარე ვივარაუდე დიდი ალბათობით, რომ მოსამართლეების მხრიდან ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქტი“,- განაცხადა გვრიტიშვილმა.
ამასთან, როგორც გვირიტიშვილმა განაცხადა, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ყოველდღე ცდილობს, თავისი გადაწყვეტილება გაამართლოს და ახალს ვერაფერს სთავაზობს ვერც მოსამართლეებს და ვერც საზოგადოებას. გვრიტიშვილის თქმით, ელჩი მათ კითხვებზე ამომწურავ პასუხს ვერ იძლევა და „რაღაც აბსტრაქტულ ღია წყაროებზე მიუთითებს“.
„თავად ელჩი ბრძანდება იურისტი. ზოგადი სამართლებრივი სტანდარტი დემოკრატიული სახელმწიფოსი არის ის, რომ ბრალდება უნდა ამტკიცოს ბრალმდებელმა. ბრალდებულ პირს არ ეკისრება საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების ვალდებულება, დუმილიც კი მის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენება. ჩვენ ამას ვამბობთ და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდანაც აბსოლუტურად ჯანსაღი რეაგირება იყო მომდევნო დღესვე. 6 აპრილსვე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა წერილით ენტონი ბლინკენს და მეტი კონკრეტიკა მოითხოვა. მეტი კონკრეტიკა მოითხოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც. ამერიკაში რომ ასეთი რამ მომხდარიყო, როგორი სტანდარტით მიუდგებოდნენ მსგავს ფაქტს, ესეც ვიცით, ხომ? წარმოიდგნეთ ახლა, აშშ-ში ამერიკელ მოსამართლეს რომ განეცხადებინა იმავე ფაქტის შესახებ, რაც ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, ხომ ვიცით, რა რეაგირებაც მოჰყვებოდა ამას. აქვე ხაზგასასმელია, რომ ელჩი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ცდილობს, თავისი ეს გადაწყვეტილება გაამართლოს, ახალს ვერაფერს გვთავაზობს ვერც ჩვენ, მოსამართლეებს და ვერც საზოგადოებას. ამომწურავ პასუხს ჩვენს კითხვაზე ვერ იძლევა. მიუთითებს რაღაც აბსტრაქტულ ღია წყაროებზე მაშინ, როცა ამის საპირწონედ ჩხიკვაძემ კონკრეტულად დაასახელა როდის, რა ვითარებაში და ვინ იყო მასთან მისული ანგარიშის მოსათხოვად. ანუ, იქ იყო კონკრეტული ფაქტი და კონკრეტული მტკიცებულებაც სახეზე. ამისდა მიუხედავად, ამას არანაირი მსვლელობა აშშ-ის მესვეურთა მხრიდან არ მოჰყოლია. კონკრეტულ თანამშრომელზე ან მის ხელმძღვანელზე, ვისი დავალებითაც იქ იყო მისული მოსამართლესთან, არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. აშშ-ში რომ მომხდარიყო მსგავსი, აუცილებლად დადგებოდა ეს პასუხისმგებლობა. როცა ვხედავთ, რომ ასეთი ორმაგი სტანდარტით არის დამოკიდებულება ქართველი მოსამართლეების მიმართ, იმიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უსამართლო და დამამცირებელი მიდგომის მსხვერპლი“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.