დიმიტრი გვრიტიშვილი - აბსურდია მტკიცება, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელისუფლების რომელიმე შტოსთან გარიგებულია
ვიდრე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დავასრულებთ, შეუძლებელია კენჭისყრის თარიღის განსაზღვრა, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელისუფლების რომელიმე შტოსთან გარიგებულია.
„აბსურდია, ამ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს და მტკიცებულებაც, რა თქმა უნდა, არ არის. ეს არის ცუდი ფანტაზიის ნაყოფი. თარიღს რაც შეეხება, გასაუბრებებს რომ დავასრულებთ, საბჭოს უახლოეს სხდომაზე უნდა მოხდეს კენჭისყრა. ვიდრე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დავასრულებთ, შეუძლებელია კენჭისყრის თარიღის განსაზღვრა.
ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება ალბათ გასაუბრება. ჩვენი ინტერესია, უზენაეს სასამართლოში არსებული მძიმე მდგომარეობა მოწესრიგდეს და გადაიჭრას პრობლემა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობდით ღამის 10 საათამდე, როდესაც დოლიძე და ჯანეზაშვილი იყვნენ პოლიტიკურ აქციაზე. ჩვენ. სხვა ინტერესი არ გვქონია“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებელ მოსამართლეთა სია წინასწარ შერჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ, დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ წინასწარ შერჩეული ფავორიტები არ არსებობს.
„შეკითხვებს ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მაინც სვამენ, მიუხედავად ჩვენი ლეგიტიმური და დასაბუთებული პროტესტის, რომ ეს შეკითხვა არის არარელევანტური ან განმეორებული. ამრიგად შეზღუდვა შეკითხვების დასმის კუთხით ჯანეზაშვილსა და დოლიძეს არ აქვთ.
რაც შეხება სიას, აბსურდია, რომ წინასწარ რაღაც ფავორიტები გვყავს, თითქოს სია მზად არის. უბრალოდ უკვე არსებული გასაუბრების შედეგად შეიძლება გამიჩნდეს გარკვეული სიმპათია. ეს არის ბუნებრივი ზოგიერთი კანდიდატის მიმართ გასაუბრებაზე გამოვლენილი ცოდნისა და კომპეტენტურობის კვალდაკვალ“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.