დიმიტრი გაბუნია - საქართველოს გენერალურ პროკურატურას 200 პროცენტით ვენდობი
გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა.
როგორც დიმიტრი გაბუნიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდა.
ამასთან, დიმიტრი გაბუნიას თქმით, პროკურატურას „200 პროცენტით ენდობა“.
„პირველ რიგში, მე ვენდობი სრულად გამოძიებას. გამოკითხვის მერეც დამრჩა განცდა, რომ გამოძიება არის დაინტერესებული, გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200 პროცენტით ვენდობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. მეორე, ჩემს ინტერესშია და მე მოვითხოვე რამდენიმე დღის წინ, რომ მე დავეკითხე და დიდი მადლობა ამისთვის გამოძიებას. მესამე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, მას შემდეგ რაც დასრულდება მიმდინარე გამოძიება, იმ პირების მიმართ, ვინც მისი სახელი შეწყალების საქმეს დაუკავშირა სარჩელის შეტანას გეგმავს.
„აქვე ვაცხადებ, როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი ცილისწამებაში გარია, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. მე არ ვიცი, ჯერ ვინ დაგეგმა, ვის სჭირდება ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც ყველაფერი გამჭირვალე სტრუქტურულად ნათელია“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.