დიმიტრი გაბუნია - კანონპროექტში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან დახურულ შეხვედრას მართავს.
როგორც დიმიტრი გაბუნიამ პირველ არხს განუცხადა, პრეზიდენტს საშუალება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში.
„ეს ჩვენი ცალსახა და პრინციპული პოზიციაა, რომელიც არ შეიცვლება. დღეს კონსულტაციები პარლამენტთან გაიმართება. გვინდა, რომ კონსულტაციის შედეგად, აბსოლუტურად საქმიან გარემოში პარლამენტი დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია. დღეს მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. ბუნებრივია, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს მას უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში.
ძალიან კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, გარკვეული უხერხულობა შექმნას მთავრობის სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის, როგორც წევრის მონაწილეობამ და ბუნებრივია, ვიზიარებთ ამ პოზიციებს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებით, სადაც ეს მეთოდი აპრობირებულია, გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა. ალბათ შევთავაზებთ პარლამენტს, რომ გაჩნდეს ჩანაწერი „პრეზიდენტი უფლებამოსილია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს“, ანუ ეს დისკრეცია პრეზიდენტს დავუტოვოთ და ამით დაბალანსდება ყველაფერი. მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ მან ეფექტურად განახორციელოს მისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები. აქ საუბარი არ არის საბჭოს წევრობაზე. თუ წევრი არ არის, უხერხულობაც არ შეიქმნება“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.
„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.