დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო სია, რომლითაც პრეზიდენტმა რამდენიმე მსჯავრდებული შეიწყალა
შეწყალება არ არის ჩემთვის სტრუქტურულად არანაირი უფლებამოსილება, ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, კურატორი არის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ვინც კონკრეტულად ამ სიებთან და შეწყალებასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.
როგორც დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, მისთვის უცნობია, ვინ შეადგინა სია, რომელითაც პრეზიდენტმა რამდენიმე მსჯავრდებული შეიწყალა.
„9 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ვიყავი შვებულებაში და ეს ყველაფერი მედიის საშუალებით გავიგე. ბუნებრივია, დავსვი კითხვები და ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება იყო. რატომ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვიღაცას კითხო. პასუხი, ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ის პასუხისმგებელი პირი, ვის უფლებამოსილებაში შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა. მე როდესაც დამიბარებენ პროკურატურაში, ამ შეკითხვებს აუცილებლად დავსვამ. ეს არის ჩემი აზრით ბინძური ცილისწამება. არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი და შესაბამისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მე არ ვკითხე პრეზიდენტს, არ არის ეს ჩემი კომპეტენცია, მაინტერესებს და გამოძიებას ვკითხავ. ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. ნამდვილად არ ვიცი და თქვენთან ერთად მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს კონკრეტულად, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია, ვინ შეიტანა ეს სია და შესაბამისად, რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. აბსოლუტურად არ ვარ გარეული, როგორც მე თქვენ გიყურებთ ახლა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ამას დავამტკიცებ“, – განაცხადა გაბუნიამ.