დიმიტრი ცქიტიშვილი - სარიუშ-ვოლსკი საქართველოს მიმართ მუდმივად სუბიექტური კრიტიკით გამოირჩევა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი საქართველოს მიმართ მუდმივად სუბიექტური კრიტიკით გამოირჩევა და ევროპარლამენტშიც ამ ამპლუაში იყო.
დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე ევროპარლამენტარების შეფასებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული რამდენიმე ევროპარლამენტარის სუბიექტური პოზიცია მოისმინა.
„კონიუქტურა ძალიან კარგად ვიცი, რადგან ამ სტრუქტურასთან დაახლოებით 10-15 წელია მაქვს შეხება. სარიუშ-ვოლსკი საქართველოს მიმართ მუდმივად სუბიექტური კრიტიკით გამოირჩევა და ევროპარლამენტშიც ამ ამპლუაში იყო. ახალი არაფერია ახლო, პოლიტიკური მეგობრების განცხადებების გარდა. სხვა კრიტიკული შეფასებები არ გაგვიგია“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
დეპუტატი ევროკომისიის შეფასებებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პოზიციები ძალიან პოზიტიურია და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების რეალიზაციის თვალსაზრისით დადებითი შეფასებები აქვს.
„ევროკომისიის დამოკიდებულება პოზიტიურია და ეს ქართულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ეს რომ არ იყოს, ამ სიკეთეებზე საუბარი წარმოუდგენელი იქნებოდა“, – დასძინა დიმიტრი ცქიტიშვილმა.