დიმიტრი ცქიტიშვილი - პროკურატურას ლეგიტიმური კითხვები შეიძლება, ყოველთვის ყველას მიმართ ჰქონდეს
პროკურატურას ლეგიტიმური კითხვები შეიძლება, ყოველთვის ყველას მიმართ ჰქონდეს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ ყოფილ მინისტრებს კითხვებზე შესაბამისი პასუხები ექნებათ.
„დარწმუნებული ვარ, რომ მათ ექნებათ შესაბამისი პასუხები ამ შეკითხვებზე. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ვფიქრობ, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს, რომ არც მაღალ და არც ქვედა დონეებზე კორუფციული საფრთხე არ გაჩნდეს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში კი, მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.