დიმიტრი ცქიტიშვილი - ოჯახური ძალადობის პრობლემის მიმართ სახელმწიფო ეფექტური გახდა
ბოლო წლებში, ოჯახური ძალადობის, როგორც პრობლემის მიმართ სახელმწიფო უფრო ეფექტური გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.
“ადამიანებს უფრო მეტი იმედი გაუჩნდათ, რომ სახელმწიფო მათ გვერდით შეიძლება დადგეს და გარკვეული სერვისები შესთავაზოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ის მაქსიმუმი არ არის, რისი საჭიროებაც დგას და, რასაც საზოგადოება ელის”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, სტამბულის კონვენციის რატიფიცირებით კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა.
„სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას, დაახლოებით, 24 საკანონმდებლო აქტი მოჰყვა. აქ ძალიან არის გამკაცრებული გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულები და ასევე, ქართული სამართლის სისტემაში შემოვიდა ახალი ნორმები, რათა პრევენციული მექანიზმები უფრო ეფექტური გახდეს. შედეგიანობის განსაზღვრას გარკვეული ვადა სჭირდება. თუმცა, ვარაუდის საფუძველზე გარკვეული შეფასებების გაკეთება ახლაც შეიძლება”, – განაცხადა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ხარვეზი, რომელიც გამოიკვეთა, სექსუალური შევიწროების თემაა, რაც, შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს.
„ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში, მოვახდინოთ ამ საკითხის ინიცირება, რათა სექსუალური შევიწროების აღკვეთის კონკრეტული მექანიზმები ჩამოყალიბდეს. ასევე, ვფიქრობთ, გასაძლიერებელია სოციალური მუშაკის ინსტიტუცია, რადგან მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა, რათა გამართული საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდეს და ამ სტრუქტურამ იმუშაოს, როგორც პრევენციის მექანიზმმა”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
პირველი არხის ანალიტიკოსის, ნინო ხელაიას შეკითხვაზე, თუ სად ხედავს პარლამენტის გენდერული საბჭო ფემიციდის, როგორც პრობლემის სათავეს და რაში ხედავს გამოსავალს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პრობლემა კომპლექსურია.
„ეს შეიძლება იყოს კულტურული მოცემულობა, მენტალობა, რომელიც ფემიციდს არ ამართლებს, მაგრამ რაღაც კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, წინა პერიოდს გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს. ქართულ სინამდვილეში არსებობს მოსაზრება, რომ სხვის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაყო. ბევრი რამეა ისეთი, რასაც ამ მდგომარეობამდე მივყავართ.
მეორე ესაა სტრუქტურული მოცემულობა, რაზეც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აქტიურად ვმუშაობთ, რათა პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოვფხვრათ. ფემიციდი მსოფლიო პრობლემაა და მეტ-ნაკლები სიმწვავით ყველა ქვეყანაში დგას. უკრაინაში ერთ-ერთ შესაბამის შეხვედრაზე ყოფნისას წარმოუდგენელი ციფრი მითხრეს, რომ უკრაინაში ყოველწლიურად, 600-მდე ქალია მოკლული, როგორც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, რუმინეთში კი – 200. ბუნებრივია, ამ ქვეყნების მასშტაბები სხვაა, მაგრამ ეს მსოფლიო პრობლემაა”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ავტორი: მაკა დარსაველიძე