დიმიტრი ცქიტიშვილი - კონფლიქტურ ზონებში ადამიანების უფლებების მხრივ გარანტიების შექმნა კვლავ აქტუალური და აუცილებელია
კონფლიქტურ ზონებში საერთაშორისო მექანიზმების შემოყვანის საკითხს საქართველოს დიპლომატია დიდი ხანია აყენებს, რათა ისეთი ფაქტები აირიდოს თავიდან, რაც არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში ვიხილეთ, შესაბამისად ადამიანის უფლებების მხრივ გარანტიების შექმნა კვლავ აქტუალური და აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო მექანიზმების დამკვიდრება მოკლევადიან პერსპექტივაში ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც არ ნიშნავს კონფლიქტის მოგვარებას, მაგრამ ნიშნავს ადამიანების უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის მეტ-ნაკლებად გაკონტროლებას.
“მსოფლიოს მასშტაბით უნდა არსებობდეს ძლიერი მანდატი საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-სი და არ უნდა ხდებოდეს ასეთი მანდატების დაბლოკვა კონკრეტული ქვეყნის მიერ. ჩვენს შემთხვევაში ეს რუსეთია, სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვა ქვეყანა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც უნდა შეიქმნას, ჩამოყალიბდეს, იყოს ეფექტური მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოსთვის”, – აღნიშნავს დეპუტატი.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, მას ძლიერ ბერკეტს აძლევს, თუმცა ქართული მხარე თავის მოთხოვნებს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დააყენებს.
“ეს დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული სისტემაა, რაც გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, თუმცა ჩვენი ეს თანმიმდევრული მიდგომა საკითხის მიმართ, ადრე თუ გვიან გამოიღებს შედეგს”, – აღნიშნა დეპუტატმა.
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოვიდა, სადაც სამშვიდობო ოპერაციების მიმართულების ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ამასთან იმნაძემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საფრთხეების ნათელი მაგალითია ახლახანს, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი.
კახა იმნაძის თქმით, შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული.