დიმიტრი ცქიტიშვილი - ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გარკვეულ შედეგებს იძლევა
საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გარკვეულ შედეგებს იძლევა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შედეგები არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების წახალისებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით.
„შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთ, მაგრამ საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გარკვეულ შედეგებს იძლევა კონკრეტული ადამიანების წახალისებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვგულისხმობ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ არა მხოლოდ ქართველი ეროვნების, არამედ აფხაზი და ოსი ეროვნების ადამიანებისთვისაც. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა შედეგი გამოიღო პროცესმა, რომელიც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და რამდენად ღირს ამ პროცესის გაღრმავება იმისათვის, რომ საზოგადოების დაახლოების თვალსაზრისით, უკეთესი შედეგები გვქონდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ცქიტიშვილის თქმით, ეს ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების წინაპირობაა.
ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და სხვა საკითხებზე დღეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ისაუბრებს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.