დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროსასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვროს და შესაბამისი სანქციები დააკისროს
დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროსასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვროს და შესაბამისი სანქციები დააკისროს

ევროსასამართლომ რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვროს და შესაბამისი სანქციები დააკისროს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილმა იმ ორი სარჩელის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს ხელისუფლებამ და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა მიმართეს.

„ძალიან პრინციპულია, რომ ორი სარჩელია შეტანილი – ერთი კონკრეტულად, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და მეორე უფრო ზოგადი, რომელიც მათ შორის მოიცავს ტატუნაშვილის მკვლელობას და უფრო ფართოდ მიმოიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებებს. მოლოდინი მაქვს, რომ ევროპული სასამართლო მხარს დაუჭერს საქართველოს ამ კუთხით, საქართველოს სარჩელს დააკმაყოფილებს და გავიმარჯვებთ. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რუსეთს, რომელიც ცდილობს თქვას, რომ ეს მისი ბრალი არ არის და თუ რამე დანაშაული ხდება, ამას „ადგილობრივი ხელისუფლება“ ახორციელებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ველოდები, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად განსაზღვრავს რუსეთის პასუხისმგებლობას და დააკისრებს შესაბამის სანქციებს. აღიარებს თუ არა რუსეთი, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ დღეს გზავნის. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კი 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი – „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. უწყების განმარტებით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმების, მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ფაქტები განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში, არჩილ ტატუნაშვილის წამებით მოკვლის დროს.