დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციას პოლიტიკურად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს არის მრავალპარტიული მხარდაჭერა
ევროპარლამენტის რეზოლუციას პოლიტიკურად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს არის მრავალპარტიული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. ეს იქნება ევროპარლამენტის პირველი რეზოლუცია, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი.
„რეზოლუციას მხარს უჭერს პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც დღეს წარმართავენ ევროპულ პოლიტიკას. ეს არის სოციალისტები და დემოკრატები, სახალხო პარტია, კონსერვატორები, ლიბერალები, მწვანეების პარტიები. არ ვიცი, რადიკალური ფრთის პოზიციები როგორი იქნება, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს სულისკვეთებას, ეს სულისკვეთებაა საქართველოს მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების კრიტიკა ევროკავშირში, ევროპის ყველაზე მაღალ დემოკრატიულ ინსტიტუციაში და ამიტომაც განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს.
ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ზრუნვისა და შეშფოთების საგანი იყო, მოხვედრილია რეზოლუციაში. ხაზგასმით არის აღნიშნული ოთხოზორია-ბაშარულის საქმე, ასევე არის მოწოდება, რომ გაიზიარონ ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა ის სია, რომელიც ჩამოყალიბდა.
რეზოლუციის ტექსტში ნახსენებია საქართველოს პარლამენტის ერთობლივი, მრავალპარტიული რეზოლუცია. ნახსენებია კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ასევე დაუსჯელობის სინდრომი, გამოუძიებელი საქმეები, გადაადგილების შეზღუდვა.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები იმართება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.