დიმიტრი ცქიტიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ნიუანსებს, რომელიც აინტერესებდა საზოგადოებას და ბევრ რამეს მოეფინა ნათელი
საკითხზე, რომელმაც გუნდის შიგნით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჯანსაღი განმარტებები გაკეთდა, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, განცხადებაში კონკრეტულ საკითხებსა და მიმართულებებზე იყო საუბარი.
„ჯანსაღი პროცესია დაგეგმილი, საგაზაფხულო სესიაზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც შეინარჩუნებს გუნდის ერთიანობასა და გაზიარებული იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველა ობიექტური კრიტიკა. ეს განცხადება არის ხაზგასმა, რომ მისი პოზიცია დაფიქსირებულიყო, რადგან მანამდე შესაძლოა, გარკვეულ სპეკულაციებს ჰქონოდა ადგილი, რას ფიქრობს ან რას არ ფიქრობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და ხაზი გაუსვა ნიუანსებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა.
„მან ხაზი გაუსვა, რომ ზედმეტი სპეკულაციები არ იყოს, ჩამოაყალიბა მკაფიოდ თავის პოზიციები, ხაზი გაუსვა გარკვეულ ნიუანსებს, რომელიც აინტერესებდა საზოგადოებას და ძალიან ბევრ რამეს მოეფინა ნათელი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს, დეპუტატის თქმით, არის შეფასებები, რომელიც მათ პროფესიულ ღირსებას ეხება და ასევე, არის პოლიტიკური შეფასებები.
„როგორც არაიურისტი, პოლიტიკურად ვაფასებ და გარკვეული კითხვები მაქვს ზოგიერთ მათგანთან. ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ვიცი რას წარმოადგენენ ანუ მათი პროფესიული წარსული არ ვიცი. ამიტომ ვერ ვილაპარაკებ ერთიანობაში სიაზე, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი არსებობს. აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც გაჩნდა სიის შესახებ, ესეც ნათელია. ამიტომ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღება არა სწრაფად, არამედ მსჯელობით და საბოლოო ჯამში, ისეთი ინსტიტუტი მივიღოთ, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება მეტი ნდობა, ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.