დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ის სანქციებს რუსეთისთვის დისონანსი მოაქვს და მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ მომზადებულ მაღალი დონის დოკუმენტში საქართველოს საკითხი ხვდება, ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა იმ პროცესს არ ეგუება, რომელიც საქართველოში ოკუპაციის სახით მიმდინარეობს.
ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ცქიტიშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერას გამოეხმაურა.
„ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი იმ შედეგს მოიტანს, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება. ამის შესახებ ამერიკა გზავნილს მსოფლიოს უგზავნის. ეს იმის ნიშანიცაა, რომ აშშ-ში რომელი პარტიაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს პოლიტიკა განგრძობითია. ბუნებრივია, სანქციებს ის სწრაფი შედეგი ვერ ექნება, როგორიც მოლოდინია, მაგრამ ამ სანქციებს შიდა პოლიტიკურ პროცესში რუსეთისთვის დისონანსი მოაქვს და მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები „ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს პრორუსული ძალების ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე. ასევე დოკუმენტის ავტორები გამოდიან ინიციატივით, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან თანხები დაიხარჯოს ევროპისა და აზიის იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის მავნე ზეგავლენის წინაშე მოწყვლადები არიან. აღნიშნული ფონდის თანხა უნდა მოხმარდეს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმის კიბერთავდასხმებისგან დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებას, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობაზე რეაგირებას.