დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია 
დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს ჯერ კიდევ გზა აქვს გასავლელი, ერთსულოვანი მხარდაჭერა კომიტეტზე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.

„კანონპროექტი ინიცირებულია როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ და მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა კონგრესში, რაც თავისთავად, სერიოზული გზავნილია. კანონპროექტი გაივლის ყველა საკანონმდებლო საფეხურს და დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო აქტი გახდება. ყველა საფეხურზე ამ დისკუსიის წარმოება, ამ საკითხების წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტის, საერთაშორისო კონიუნქტურის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და გმობს რუსეთის ქმედებებს კონკრეტულ საკითხებსა და მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ი განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას.