დიმიტრი ცქიტიშვილი - არ მგონია, დავით კეზერაშვილს დემოკრატიულობის ინტერესი ჰქონდეს, რადგან იმ ხელისუფლებას არ წარმოადგენდა, რომელიც დემოკრატიულობით გამოირჩეოდა
არ მგონია, რომ დავით კეზერაშვილს განსაკუთრებული დემოკრატიულობის ინტერესი ჰქონდეს, რადგან იმ ხელისუფლებას არ წარმოადგენდა, რომელიც დემოკრატიულობით გამოირჩეოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
ცქიტიშვილის თქმით, ტელევიზიის შექმნა მხოლოდ ფინანსები არ არის.
„კეზერაშვილს რა მოტივაცია აქვს, არ ვიცი. არც ისე მარტივი მგონია, რომ ერთი ხელის მოსმით, მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსები გაქვს, ტელევიზია შეიქმნას, რადგან ტელევიზიის შექმნა მხოლოდ ფინანსები არ არის, ეს არის ძლიერი შემადგენლობისა და ხანგრძლივი მუშაობის შედეგი. თუ ტელევიზიას ქმნი, კომუნიკაცია ადგილობრივ ჟურნალისტებთან უნდა გქონდეს“, – დასძინა ცქიტიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, მიიღო გადაწყვეტილება, მეგობრებთან ერთად დააფუძნოს ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველოფს ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის დაცვას.
როგორც დავით კეზერაშვილი აღნიშნავს, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.