საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს [ფოტო-ვიდეო]
05:56, 08.04.2018
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
ტაძარში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რის შემდეგაც ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მთავრობის წევრებთან ერთად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 49 დღე გრძელდება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება. ბრწყინვალე შვიდეული კი, მსგეფსია.
სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად ჯვარს ეცვა. ჯვარცმიდან მესამე დღეს უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები“. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქიდან მართალთა სულები ამოიყვანა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი ისევ გაიღო.