დილარ ხაბულიანი ადასტურებს, რომ ფრაქციის შექმნის მიზნით „ლელოს“ ჯგუფს უერთდება
დილარ ხაბულიანი ადასტურებს, რომ ფრაქციის შექმნის მიზნით „ლელოს“ ჯგუფს უერთდება. როგორც ხაბულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ტოვებს.
ხაბულიანის თქმით, ის ენმ-ის პარტიის წევრი არ ყოფილა.
„ეს ტექნიკური საკითხია. ოპოზიციური ფრაქცია რომ არ დაშლილიყო, ეს არის მიზეზი ჩემი გადაწყვეტილების. ამასთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იყო. მე წევრი არ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენ სხვა პარტიით ვიყავით ბლოკში. საუბარი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკზე. არ ვიყავი პარტიაში. ჩვენი პარტია გახლავთ „პროგრესი და თავისუფლება“. პროცედურული საკითხია და რა თქმა უნდა, პარლამენტი საქმის კურსშია“, – განაცხადა დილარ ხაბულიანმა.
„ლელოს“ ფრაქცია მას შემდეგ დაეშალა, რაც პარლამენტი მამუკა ხაზარაძემ დატოვა. ამ დროისთვის, „ლელოს“ საკუთარ პოლიტიკურ გუნდში ექვსი დეპუტატი ჰყავს, რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის არსებობაა საჭირო.