შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს დიღმის მასივში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაჟა სირაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„ადგილზე მოხდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისა და სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფის მობილიზება. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების გამო, შვიდი პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. დაიწყო გამოძიება და
ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებს. კორპუსიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია და ისინი გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,“ – განაცხადა ვაჟა
სირაძემ.
გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.