დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - როცა უფულობის გამო ვარჯიშებზე ვერ მივდიოდი, ჩემი გათხოვილი დები ქმრებს ხურდებს პარავდნენ და ჩუმად მაძლევდნენ (ნაწილი 5)
დიეგო მარადონას ავტობიოგრაფია - როცა უფულობის გამო ვარჯიშებზე ვერ მივდიოდი, ჩემი გათხოვილი დები ქმრებს ხურდებს პარავდნენ და ჩუმად მაძლევდნენ (ნაწილი 5)

ოთხი-ხუთი ბავშვი ერთ ულუფა პიცას ვყიდულობდით და თანაბრად ვიყოფდით  (ნაწილი 1)

ბევრი ტირილი მჭირდებოდა, რომ მამისთვის გული მომელბო და ფეხბურთზე გავეშვი (ნაწილი 2)

ხელზე შვიდი ნაკერი მედო, მაინც ვითამაშე და ხუთი გოლი გავიტანე (ნაწილი 3)

ხელით არგენტინის ჩემპიონატშიც გავიტანე, მსაჯმა გამაფრთხილა, ასე აღარასოდეს მოიქცეო (ნაწილი 4)

 

გაგრძელება

დებიუტი „არტხენტინოს ხუნიორსში“

„ლოს სებალიოსში“ გზა ძალიან მალე გავიკაფე. მე-9 დივიზიონის ჩემპიონები გავხდით და მე-8-ის საგზური მოვიპოვეთ. მდევარს 10 ქულით ვიუსწრებდით, როცა რანგით უფრო მაღალი კლასის გუნდში წამიყვანეს.

მე-8 დივიზიონში მხოლოდ ორი მატჩი ჩავატარე, შემდეგ პირდაპირ მე-5 დივიზიონში აღმოვჩნდი. იქ ოთხი შეხვედრა ვითამაშე და მესამეში განვაგრძე კარიერა. დებიუტი „ლოს ანდესთან“ გასვლით პაექრობაში მქონდა. გოლი გავიტანე, კიდევ ორ მატჩში ვიასპარეზე და პირველ დივიზიონში მიხმეს. ეს ყველაფერი ორ წელიწადში მოხდა.

დებიუტი მეტად მღელვარედ მახსოვს: „კომუნიკასიონეს“ სტადიონზე ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვემზადებოდი. სამშაბათის ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელი ხუან კარლოს მონტესი მომიახლოვდა და მითხრა: „რას იტყვი, ხვალ სათადარიგოებში რომ გაგამწესო?“

სუნთქვა შემეკრა. ძალები მოვიკრიბე და წავილუღლუღე: „რა? როგორ?“

მწვრთნელმა გამიმეორა: „სათადარიგოებში იქნები. კარგად მოემზადე, თამაში მოგიწევს“. ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა, სახლში გადარეულივით გავექანე. ერთი სული მქონდა, მშობლებისთვის ყველაფერი მომეყოლა. პირველად ტოტას ვუთხარი, ორ წუთში ჩემი ამბავი მთელმა ფიორიტომ იცოდა. ყველამ გაიგო, რომ მეორე დღეს უნდა მეთამაშა.

იმ დღიდან „არხენტინოს ხუნიორსმა“ ვილია დე პარკში არხერიჩის 2748-ში ბინა მიქირავა, თუმცა ფიორიტოსთან კვლავ ბევრი რამ მაკავშირებდა.

ბებია დორას შვილიშვილის წავლის გაგონებაც არ სურდა. ყველა ნათესავი იქ ცხოვრობდა: ბეტო, რაული… მოდიოდნენ, რათა გაეგოთ, ვითამაშებდი თუ არა. დაბალ დივიზიონებში ისინი სისტემატურად ესწრებოდნენ ჩემს თამაშებს. რა თქმა უნდა, თუ ფული ჰქონდათ. როცა უფულობის გამო თავად ვერ მივდიოდი ვარჯიშებზე, ჩემი გათხოვილი დები ანა და კიტი ქმრებს ხურდებს პარავდნენ და ჩუმად მაძლევდნენ. არ უნდოდათ, რომ ვარჯიში გამეცდინა. უკან წამოსასვლელ ბილეთს კი ფრანსისი მიყიდდა ხოლმე. ჰო, მგზავრობის თანხას „არხენტინოს ხუნიორსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სენიორ რეუც მიხდიდა.

ბეტომ, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, ტირილი დაიწყო, როცა ყველაფერი მოვუყევი. იმ წამს გავაცნობიერე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. მამაჩემს უნდა ემუშავა. ამიტომ შვილის სადებიუტო თამაშს ვერ დაესწრებოდა. არადა, როგორ ვოცნებობდით! წესით დებიუტი თვენახევრით ადრე უნდა მქონოდა, მაგრამ…

მესამე დივიზიონში „ველეს სარსფილდთან“ საშინელებას გადავეყარეთ – მსაჯების მუშაობა სტიქიურ უბედურებას ჰგავდა. საფინალო სასტვენის შემდეგ მთავარ არბიტრთან მივედი და სრულიად მშვიდად ვუთხარი: „მსაჯო, თქვენ საოცრება ხართ. ასეთი ხედვით საერთაშორისო შეხვედრებს უნდა მოემსახუროთ“. ამ უწყინარი სიტყვების გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მომაწებეს. ასე რომ, ელიტურ ლიგაში დებიუტი ერთი თვით გადაიდო.

1976 წლის 20 ოქტომბერს, ჩემთვის დაუვიწყარ დღეს, აუტანლად ცხელოდა, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. თეთრი პერანგი და ჩემს გარდერობში არსებული ერთადერთი შარვალი ჩავიცვი. მეტი მართლა არ მქონდა. მაშინ პრემიალური თანხის გადახდაზე საუბრობდნენ. გავიფიქრე: „კარგია, სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის ცოტას გადამიხდიან. თუ შეცვლაზე შევალ, უფრო მეტს მივიღებ და შარვალს ვიყიდი.“

 

 ისტორიის დასაწყისი

დილით, სახლიდან გასვლისას დედამ სახლის კარამდე მიმაცილა. „შენზე ვილოცებ, შვილო“ – მითხრა მან. მამამ სამსახურიდან ადრე გათავისუფლება ითხოვა – თამაშზე მოსვლა და შვილის ნახვა სურდა.

ზუსტად არ მახსოვს, რომელზე დაიწყო მატჩი, სამზე თუ ოთხზე, მხოლოდ ის მახსოვს, მზადებისას გავიგე, რომ მამაჩემიც სტადიონზე იყო. პირველი შთაბეჭდილება „ტალიერესის“ ინჩასებმა მოახდინეს. ყველგან ისინი იყვნენ.

„არხენტინოს ხუნიორსის“ ფეხბურთელები მატჩამდე „ხონტე და ბოიაკაში“ სასადილოდ წავედით. კლასიკური ბუფშტექსი და პიურე მივირთვით. დესერტად კი მონტესის სიტყვა მივაყოლეთ. სადილის შემდეგ სტადიონისკენ გავემართეთ. პირდაპირ ხალხის მასაში გავერიეთ. ვერავინ გვცნობდა. ირგვლივ მხოლოდ „ტალიერესის“ გულშემატკივრები იყვნენ. ისინი განუმეორებელი რიხით გაჰყვიროდნენ. მაშინ კარგი გუნდი ჰყავდათ: ლუდუენია, ოკანიო, ლუის გალვანი, ოვიედო, ვალენსია, ბრავო…

„არხენტინოსში ასეთი დონის ფეხბურთელები არ ირიცხებოდნენ, თუმცა ჩვენი გუნდის შემადგენლობა ზეპირად მახსოვს: მუნუტი, რომა, პელიერანო, ხეტე, ფრენი, ჯაკობეტი, მინუტი, დიდონატო, ხორხე ლოპესი, კარლოს ალვარესი და ოველარი. თეთრდიაგონაილიან 16-ნომრიან წითელ მაისურში გამოწყობილმა მეორე ტაიმში ჯაკობეტი შევცვალე. როგორ მომწონდა ჩემი მაისურა. „რივერის“ ფორმას ჰგავდა, თუმცა ფერები საპირისპიროდ ჰქონდა განლაგებული.

მასპინძლებმა თავიდანვე შემოგვიტიეს. 27-ე წუთზე აჩალუდუენიამ ანგარიში გახსნა. შესვენების წინ სკამის საპირისპირო მხარეს მჯდომი მონტესი შემომიბრუნდა და მზერით შემამოწმა. თითქოს მეკითხებოდა – მზად ხარ? თვალი არ ამირიდებია. ალბათ იფიქრა, ეს ჩემი პასიუხი იყო.

იმავე წუთს გახურება დავიწყე. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მოედანზე შევედი. კიდესთან მდგომმა მონტესმა მითხრა: „მიდი დიეგო, ითამაშე როგორც შეგიძლია!“ ძალიან კარგად დავიწყე. ჩემს მეურვეს, ხუან დომინგო პატრისიო კაბრერასთან ზურგით დავდექი. ბურთი მივიღე და მყისვე ფეხებში გავუძვრინე. კომპლიმენტმა არ დაახანა: „ოოლეე!“

იმ შეხვედრაზე ყოფნას ბევრი უსინდისოდ მიიწერს და ათას ისტორიას ჰყვება. თუმცა სტადიონი პირთამდე იყო შევსებული და ერთი თავისუფალი სკამიც არ ჩანდა. დაბალი დივიზიონების შემდეგ ეს სტადიონი სრულყოფილებად მეჩვენებოდა.

ფეხებში მძლავრმა ჩარტყმებმაც გამაოცა. საყმაწვილო ფეხბურთში ყოველთვის ცდილობდნენ, ათასგვარი სიბინძურით და ფეხებში უმოწყალი ჩარტყმებით ზიანი მოეყენებინათ… მიჩვეული ვიყავი, მაგრამ უხეშობისთვის თავის არიდება აქაც მალე ვისწავლე: ატყუებ მოწინააღმდეგეს, გაურბიხარ ჩარტყმას და გზას აგრძელებ. ამ ყოველივეს დროულად თუ არ ისწავლი, მერე შანსი აღარ გექნება.

ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული. ჩვენი ექიმი რობერტო „კაჩო“ პალადინო ვიტამინებს გვასმევდა, ნემსებს გვიკეთებდა, ჩვენს კვებაზე ზრუნავდა. ვფიქრობ, სწორედ მისი წყალობით გავხდი ძლიერი და ჯანმრთელი. სხვათა შორის, 1961 წლის 5 იანვარს, ჩემს ნათლობაში დედა ტოტას უთქვამს: „ღმერთმა ქნას, კარგ ადამიანად გაიზარდოს და ჯანმრთელი იყოს“.

სადებიუტო მატჩი წავაგე, მაგრამ „არხენტინოს ხუნიორსში“ გასავლელი გრძელი და დაუვიწყარი გზა ჯერ მხოლოდ იწყებოდა. ყოველთვის ვამბობ – იმ დღეს ზეცას ხელებით შევეხე. უკვე ვიცოდი, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყებოდა. იმ სეზონში მხოლოდ 10 შეხვედრა ჩავატარე და 2 გოლი გავიტანე. პროფესიული კარიერის პირველი ორი გოლი. ორივე ბურთი „სან მარტინის“ სტადიონზე „სან ლორენსოს“ შევუგდე. ეს 1976 წლის 14 ნოემბერს მოხდა.

განაგრძეთ კითხვა: ნაწილი 6