დიეგო კოლასი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ფუნდამენტურად არის დაკავშირებული კონტექსტთან და არა ტექნიკურ ნაწილთან
საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიაზე საუბარი იყო უკრაინის თემებზე, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
„საქართველოსთან ურთიერთობებისა და საქართველოდან მოლოდინების მიმართულებით ვიტყვი, რომ ჩვენ გვესმის სიფრთხილის პოზიცია, გვესმის, რომ ქვეყანა არის საფრთხის წინაშე და ამ საკითხს ფრთხილი მიდგომა სჭირდება, ეს სრულად გასაგებია.
რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის, დავინახოთ მტკიცე მხარდაჭერა. მიმდინარეობს ძალიან დიდი კოლექტიური ძალისხმევა რუსეთის აგრესიის უკუსაგდებად და ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ საქართველო მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. ასევე, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ვერ ავიტანთ, არის ის, რომ საქართველო გახდეს შავი ხვრელი, რომლითაც საერთაშორისო სანქციები იქნება არიდებული, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზე მკაფიო პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, საფრანგეთის ელჩის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, ასოცირების ტრიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდებათ რეფორმები, სრულყოფა, რათა მიუახლოვდნენ ევროკავშირის სტანდარტებს, მათ შორის სასამართლო სისტემისა და პრესის თავისუფლების მიმართულებით.
მისივე თქმით, უკრაინაში კრიზისმა შექმნა ახალი რეალობა, ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს მზად, გასული წლის სირთულეების მიუხედავად, გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც მაგიდაზეა.
„კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ფუნდამენტურად არის დაკავშირებული კონტექსტთან. პროცესი აჩქარდა და ახლა არის მცდელობა, რომ პროცესი კიდევ უფრო აჩქარდეს, გახდეს კიდევ უფრო ამბიციური. არ მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს იმ წერტილს, რომელზეც იყვნენ ლიეტუვა ან სხვა ქვეყნები, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ პროცესი იმართება კონტექსტით და არა ტექნიკური ბუნებით. რთული განცხადების მიზეზი არ არის ის, რომ ევროკავშირს სურს, ეს იყოს რთული პროცესი. ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი. პროცესი თუ სწორად არ მიდის, ევროკავშირი სუსტდება. ეს სირთულეები ვერ გაქრება და ეს უნდა გაკეთდეს ამ რთული პროცესის გავლით. ვფიქრობ, ეს იქნება მოლოდინის გზა, რომ განხორციელდეს ეს ისტორიული პასუხისმგებლობები, მაგრამ ასევე, მოხდეს ამ რეალობასთან თვალის გასწორება, რომ ქვეყანა არის კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან სრულად შესაბამისობაში“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაში ყველაფერი შესრულებული არ არის.
შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბრის ნაცვლად, ვისურვებდი მესაუბრა უშუალოდ რეფორმებზე, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის რეფორმებზე. თქვენ წაიკითხავთ ამ შეთანხმებას, აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი შესრულებული არ არის. ბევრი საკითხია შიდაპოლიტიკური ელემენტი, ბატონი მელიას და ბატონი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლა, არჩევნებში 40-პროცენტიანი ბარიერის დაწესება, ეს ყველაფერი შესრულებულია. მაგრამ რეალობა არის ის, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამდე, შეთანხმების დროს და მას შემდეგ, ჩვენ აქტიურად ვესწრაფოდით სპეციფიკური რეფორმების განხორციელებას, რომელიც არის წინსვლისთვის აუცილებელი. ესაა მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ინსტიტუტების კანონის უზენაესობით კონსოლიდაცია. სწორედ ამაზეა ფოკუსირების გაკეთება საჭირო.
შეთანხმებაში ზედმიწევნით არის გაწერილი პუნქტები მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმებზე ნაბიჯები, რომელიც არის ლოგიკურად შემდეგი ნაბიჯი, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა საქართველოში. ფოკუსირება ინსტიტუციურ რეფორმებზე უნდა მოხდეს, არა იმიტომ რომ ამ შეთანხმებაშია, არამედ იმიტომ რომ საქართველოს სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუციური კონსოლიდაცია. ეს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება საქართველოს, რომ გახდეს უკეთესი დემოკრატია“, – განაცხადა ელჩმა.