თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
დედაქალაქის მერმა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაგა-ბაღით სარგებლობას 300-მდე ბავშვი შეძლებს და დასაქმდება 60-მდე ადამიანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის 50 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. უკვე დაწყებულია N9 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, შემოდგომისთვის კი N4 საბავშვო ბაღი შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილია ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, 12 ბაღის შენობის დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღების აშენება. გარდა ამისა, ორი მოქმედი ბაღის ეზოში დამატებითი ფლიგელები აშენდება.