დიდთოვლობისა და შტორმის გამო, ესპანეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. უამინდობის გამო, გზებზე ბლოკირებული მოქალაქეების დასახმარებლად სამხედროები გაგზავნეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ერთი ქალი დაიღუპა მალაგაში, როდესაც მისი მანქანა ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კალატაიუდში ერთი უსახლკარო ყინვის გამო გარდაიცვალა.
დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, მუშაობა შეაჩერა მადრიდის აეროპორტმა. გაუქმდა სულ მცირე 50 რეისი.
მადრიდსა და კიდევ ოთხ რეგიონში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლებიდან გასვლისგან თავი შეიკავონ და საგანგებო სამსახურების მითითებებს დაემორჩილონ.
ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მადრიდში ყველაზე დიდი თოვლი 1971 წელს მოვიდა.