ვლადიმერ ყარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე დიდმა ბრიტანეთმა ხუთ პირს სანქციები დაუწესა
ვლადიმერ ყარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე დიდმა ბრიტანეთმა ხუთ პირს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა მდივნის, ჯეიმს კლევერლის განცხადებაში.
სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსი გამომძიებლები და მოსამართლე, უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომლებსაც კავშირი აქვთ 2015 და 2017 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან.
გაერთიანებული სამეფო რუსეთის ხელისუფლებას ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის, ვლადიმერ ყარა-მურზას დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
17 აპრილს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსს, ვლადიმერ ყარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად დასდეს რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი. 41 წლის ვლადიმერ ყარა-მურზა რუსეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეა, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლობირებდა.