დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 54 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 54 მილიონი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.
ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩასულმა მოქმედმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთისგან ახალი 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ აცნობა.
როგორც აღინიშნა, სამხედრო დახმარება მოიცავს უპილოტო სათვალთვალო სისტემებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალებს. პაკეტში შედის 850 ერთეული Black Hornet ტიპის მიკროდრონები, რომლებიც სპეციალურად ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლად არის შექმნილი და მათი ერთ-ერთი დანიშნულება მოახლოებული მტრის ძალების გამოვლენაა.
„სამხედრო პერსონალისთვის მობილურ ტელეფონზე პატარა დრონების მართვის სწავლება 20 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. თითოეულ დრონს აქვს სურათების და ვიდეოს რეალურ დროში გადაცემის შესაძლებლობა, რათა სახმელეთო ძალებმა უსაფრთხოდ დაიცვან ურბანული ადგილები“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ემზადება უკრაინისთვის ნაღმის აღმომჩენი ტექნიკის გადაცემისთვის, რომელიც უკრაინას რუსების მიერ დატოვებული ნაღმების აღმოჩენაში დაეხმარება წყალში და სანაპირო ზოლზე. მათ გამოსაყენებლად, უკრაინელი ჯარისკაცები შესაბამის სწავლებებს გაივლიან ბრიტანეთში.