დიდმა ბრიტანეთმა შვიდი პირის, მათ შორის რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც „ბიბისი“ წერს, რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთია იმ შვიდ პირს შორის, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა „შავ სიაში“ დაამატა.
ბრიტანეთის ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აბრამოვიჩს პროკრემლის ოლიგარქს უწოდებენ, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. სიაში ასევე მოხვდნენ ოლეგ დერიპასკა, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, „ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი და ბანკ „რასიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი.
ამგვარად, დიდი ბრიტანეთის „შავ სიაში“ სულ 65 პირია, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, ფედერაციის საბჭოს წევრი, სენატორი ანდრეი კლიშასი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი.