დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და შავ სიაში კიდევ 14 პირი შეიყვანა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და შავ სიაში კიდევ 14 პირი შეიყვანა.
როგორც „მედია“ წერს, სასანქციო სიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები და სამხედრო მაღალჩინოსნები. კერძოდ, მედიის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდა ტელეწამყვანს სერგეი ბრილევს, ასევე კრემლის მიერ დაფინანსებული კომპანია „ნოვოსტის“, რომელიც ფლობს ტელეკომპანია „რაშა თუდეის“.
როგორც მედია იუწყება, „შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ „გაზპრომ მედიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ჟაროვი, „რაშა თუდეის“ მმართველი დირექტორი ალექსეი ნიკოლოვი და „საერთაშორისო მაუწყებლობა სპუტნიკის“ ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი.
მედიის ინფორმაციით, შავ სიაში შეყვანილ 14 პირს შორის არის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც მედიაში „მარიუპოლის ყასაბს“ უწოდებენ.
როგორვ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომი დაფუძნებულია „ტყუილის ნიაღვარზე“.
„დიდი ბრიტანეთი დაეხმარა მსოფლიოს კრემლის დეზინფორმაციის გამოაშკარავებაში და სანქციების ამ ბოლო სერიის სამიზნეს წარმოადგენენ უსირცხვილო პროპაგანდისტები, რომლებიც ავრცელებენ პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.