დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი შავი ზღვის პორტში სამოქალაქო სატვირთო გემზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი 24 აგვისტოს შავი ზღვის პორტში სამოქალაქო სატვირთო გემზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეს განცხადება, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გააკეთა, არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალურმა პირმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„18 აგვისტოდან ოდესიდან ოთხი სატვირთო გემი გავიდა. დეკლარირებული დაზვერვის წყალობით, ჩვენ ვიცით, რომ რუსულმა სამხედროებმა 24 აგვისტოს შავ ზღვაში სამოქალაქო სატვირთო ხომალდს რამდენიმე რაკეტა დაუმიზნეს“, – განაცხადა სუნაკმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მაშინ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით ჩამოაგდო შემტევი რაკეტები, მათ შორის ორი კალიბრის ტიპის რაკეტა, რომელიც შავ ზღვაში იყო გაშვებული.
„დაზვერვა მიუთითებს, რომ დაგეგმილი სამიზნე იყო ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი. ეს თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა გააფრთხილა, რომ რუს სამხედროებს შესაძლოა, დაეწყოთ შეტევა სამოქალაქო გემებზე. უკრაინის საჰაერო თავდაცვის წყალობით, სამოქალაქო გემზე თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, არცერთმა კალიბრის რაკეტამ მიზანს არ მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.
რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მხოლოდ ბოლო ერთ თვეში გაანადგურა დაახლოებით 270 000 ტონა მარცვლეული უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის საწყობებზე თავდასხმებით.
„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს სადაზვერვო და სათვალთვალო სისტემებს შავ ზღვაში რუსეთის აქტივობის მონიტორინგისთვის, რათა გამოვიძახოთ, თუ დავინახავთ, რომ ისინი ამზადებენ ახალ თავდასხმებს სამოქალაქო გემებზე ან ინფრასტრუქტურაზე და ამოვიცნოთ დამნაშავე, თუ ეს თავდასხმები მოხდება“,- განაცხადა სუნაკმა.