დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, ზუგდიდში სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო
საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოეწყო, რომლებიც საყოფაცხოვრებო ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღიჭურვა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ზრუნვის ალტერნატიული ფორმით ჩანაცვლებას გულისხმობს.
სახლები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გადაეცა. სახლების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბელა გოგუა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე მესხრიკაძე, ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, სააგენტოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ხუბუტია და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.