„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - ვგმობთ ბელარუსის რეჟიმის მიერ არალეგალური მიგრაციის ორკესტრირებას, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - ვგმობთ ბელარუსის რეჟიმის მიერ არალეგალური მიგრაციის ორკესტრირებას, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს

ვგმობთ ბელარუსის რეჟიმის მიერ არალეგალური მიგრაციის ორკესტრირებას, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, – ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბელარუსის ქმედებები არის მცდელობა, ყურადღება გადაიტანოს საერთაშორისო სამართლის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფისგან.

„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვგმობთ ბელარუსის რეჟიმის მიერ არალეგალური მიგრაციის ორკესტრირებას. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას, რომლებიც გახდნენ არალეგალური მიგრაციის პროვოკაციულად გამოყენების სამიზნე.

მოვუწოდებთ რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული კამპანია შემდგომი სიკვდილისა და ტანჯვის თავიდან ასარიდებლად. საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა სჭირდებათ. ბელარუსის რეჟიმის ქმედებები არის მცდელობა, ყურადღება გადაიტანოს საერთაშორისო სამართლის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფისგან.

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ქმედებებს, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს მიგრანტთა წარმომშობ და სატრანზიტო ქვეყნებთან, რათა ბოლო მოუღოს ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებებს. ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ამ ქმედებებში მონაწილე პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია „დიდი ოცეულის“ ერთობლივ განცხადებაში.