„დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 3-5 მაისს ლონდონში შეხვედრებს გამართავენ
„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 3-5 მაისს, ლონდონში შეხვედრაზე ახალ გლობალურ საფრთხეებზე, ადამიანის უფლებათა დაცვასა და კორონავირუსის პერიოდში ეკონომიკის აღდგენაზე იმსჯელებენ.
როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების კომუნიკეშია ნათქვამი, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, კანადის, აშშ-სა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთა გარდა, შეხვედრას დაესწრება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, ასევე ავსტრალიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები და „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთა ასოციაციის“ (ASEAN) გენერალური მდივანი ლიმ ჯოქ ჰოი.
„G7-ის შეხვედრაზე იმის დემონსტრირება მოხდება, თუ როგორ აერთიანებს „გლობალური ბრიტანეთი“ მსხვილ მსოფლიო ეკონომიკებს საერთო გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დომინიკ რააბმა.
„ჩვენ ვიმოქმედებთ მთელი მსოფლიოსთვის ვაქცინების სამართლიანი წვდომის უზრუნველსაყოფად, გამოვძებნით შიმშილის დაძლევის გზებს და შევთანხმდებით კლიმატის დაცვასთან დაკავშირებით“, – დაამატა მან.
როგორც ცნობილია, 4-5 მაისის პლენარული სხდომების დაწყებამდე, 3 მაისს რააბი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება. მხარეთა შორის განსახილველ თემებს შორის არის როგორც სავაჭრო საკითხები, ასევე ჩინეთი, ავღანეთი და ირანი.