„დიდი შვიდეულის“ ლიდერები - გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთის ელიტაზე, ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინთან არიან დაახლოებული
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები - გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთის ელიტაზე, ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინთან არიან დაახლოებული

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს და უკრაინის მთავრობას, რომლებიც გმირულ წინააღმდეგობას უწევენ ვლადიმერ პუტინის სამხედრო აგრესიას.

როგორც ლიდერების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებენ და მთელ მსოფლიოს მოუწოდეს, დადგნენ ერთად, მოუწოდონ ვლადიმერ პუტინსა და მის რეჟიმს, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გაიყვანოს ჯარები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა მასშტაბური სანქციები, რომლებმაც მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა, ფინანსური სისტემა და კვლავ გააგრძელებენ შესაბამისი ზომების მიღებას.

„პირველი, ჩვენი ეროვნული პროცესების შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, განვახორციელოთ ქმედება, რომლითაც რუსეთს ჩამოერთმევა ყველაზე პრივილეგირებული ერის სტატუსი ძირითად პროდუქტებთან მიმართებით, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობით რუსეთს მნიშვნელოვანი მოგების მიღებას შეუწყვეტს;

მეორე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, რათა რუსეთმა არ მიიღოს დაფინანსება წამყვანი მრავალმხრივი ფინანსური ინსტიტუტებისგან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან;

მესამე, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთის ელიტაზე, მათთან დაახლოებულ პირებსა და ოლიგარქებზე, რომლებიც დაახლოებული არიან პრეზიდენტ პუტინთან და ომის სხვა არქიტექტორებთან, ასევე მათ ოჯახებთან და მათ თანამოაზრეებთან;

მეოთხე, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, შევინარჩუნოთ ჩვენი შემზღუდავი ზომების ეფექტურობა. კერძოდ, სხვა ღონისძიებების გარდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსეთის სახელმწიფოს და ელიტის წარმომადგენლები, მათთან დაახლოებული პირები და ოლიგარქები ვერ გამოიყენებენ ციფრულ აქტივებს, როგორც საერთაშორისო სანქციების გავლენის თავიდან აცილების ან კომპენსაციის საშუალებას, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს მათ წვდომას გლობალურ ფინანსური სისტემასთან;

მეხუთე, ჩვენ მზად ვართ, ვებრძოლოთ რუსეთის რეჟიმის მცდელობებს, გაავრცელოს დეზინფორმაცია; მეექვსე, ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ შემდგომი შეზღუდვები რუსეთის ფედერაციაში ძირითადი საქონლის, ტექნოლოგიების ექსპორტსა და იმპორტზე;

მეშვიდე, რუსულ გაერთიანებებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერენ ომს, არ უნდა ჰქონდეთ წვდომა ახალ სესხებზე, სააქციო ინვესტიციებსა და საერთაშორისო კაპიტალის სხვა ფორმებზე. ჩვენი მოქალაქეები ერთიანნი არიან იმ საკითხში, რომ მათმა დანაზოგებმა და ინვესტიციებმა არ უნდა დააფინანსოს ის კომპანიები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისა და ომის მანქანის საფუძველს წარმოადგენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.