ბოლო დროის ყველაზე პოპულარული და აღიარებული სერიალის „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონის გადაღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია, კომპანია HBO-მ გაავრცელა.
უკვე ცნობილია, რომ გახმაურებულ სერიალში, რომელმაც გასულ წელს „ემის“ ოთხი ჯილდო დაიმსახურა, მთავარ როლებს კვლავ ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერსპუნი შეასრულებენ. ჰოლივუდის ვარსკვლავები სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერებიც იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ სერიალში მონაწილეობას ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპიც მიიღებს.
სტრიპი სერიალში პერის დედის როლში მოგვევლინება, რომლის როლსაც ალექსანდ სკარსგარდი ასრულებდა. ამ უკანასკნელმა აღნიშნული როლისთვის „ოქროს გლობუსის“ და „ემის“ ჯილდო დაიმსახურა.
მეორე სეზონის სიუჟეტის თანახმად, მოკლული გმირის დედა მონტერეიში ჩადის, რათა მკვლელობის დეტალები გაარკვიოს. ინტერნეტში გავრცელდა სერიალის მეორე სეზონის პირველი ფოტოკადრებიც.
ფოტოები გადასაღები მოედნიდან მსახიობებმა თავად განათავსეს.