„დიდი ოცეულის“ სამიტმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფი“ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეთანხმდა.
„რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაციას შეთანხმებულად ვაცხადებ“, – განაცხადა მოდიმ.
როგორც მედია წერს, კონსენსუსი მოულოდნელი იყო, რადგან „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა აზრი გაყოფილი იყო უკრაინის ომთან დაკავშირებით. დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერდნენ რუსეთის მტკიცე დაგმობას ლიდერთა დეკლარაციაში, ხოლო სხვები მოითხოვდნენ ფოკუსირებას უფრო ფართო ეკონომიკურ საკითხებზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და მრავალმხრივი სისტემა, რომელიც იცავს მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენ მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას უკრაინაში. ატომური იარაღის გამოყენება ან მუქარა დაუშვებელია“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, დეკლარაციამ აჩვენა მკაფიო პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს ძალადობით.