დიდი ხეივნის ქუჩის მოსახლეობა მაღალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს
დიდი ხეივნის ქუჩის მოსახლეობა მაღალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს

ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩის მოსახლეობა მათი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, შპს „ილია“, რომელიც ირანის მოქალაქეს ეკუთვნის, მათი თანხმობის გარეშე აშენებს 7-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. დიდი ხეივნის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებლობის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ.

„აქ ცხოვრობს თითქმის 1000-მდე ოჯახი და მხოლოდ ერთი შემოსასვლელი გზა გვაქვს. გაურკვეველი პროექტი გასცეს. სავარაუდოდ 7-სართულიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. დიდი სატვირთო მანქანები დადიან დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე. ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ. სასწრაფო დამჭირდა და სახლამდე ვერ მოვიდა. მშენებლობის შედეგად, მოსახლეობას გვიზიანდება სახლები, მშენებლობის პროცესში ნელ-ნელა იბზარება. ასევე, აქ მშენებლობა სახიფათოა, ვინაიდან დიდი ხეივნის ქუჩის ნიადაგს ქვიშანარევი მიწა აქვს, მტკვრის სანაპიროდან 30 მეტრის დაშორებით ვართ“, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, გოჩა ვარდოსანიძე.

დიდი ხეივნის ქუჩის მოსახლეობის თქმით, მშენებლობაზე ნებართვა დავით ნარმანიას მერობის დროს გაიცა. ისინი ახალ მერს, კახა კალაძეს დახმარებისთვის მიმართავენ და პარალელურად, თბილისის მერიაში საჩივრის წერილის შეტანას გეგმავენ.

შპს „ილიას“ წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.