დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი საფეხბურთო ბაზის მშენებლობას აპროტესტებს
დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილმა მეორე მიკრორაიონის ყოფილ სარეკრეაციო სივრცეში დახურული სტადიონის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ფარნავაზ მეფის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სკოლა „ფესვების“ მიმდებარე ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჩამოერთვა და ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, რომელმაც ტერიტორიაზე დახურული სტადიონის მშენებლობა დაიწყო. სტადიონი სპორტულ სკოლებს მოემსახურება.
„ვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას, უშუალოდ მოსახლეობას რომ შეხვდნენ და ჩვენგან მოისმინონ პრობლემები. ვითხოვთ ასევე სტადიონის ადგილმონაცვლეობას და სამშენებლო პროცესის შეჩერებას იქამდე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
ეს დიდი დიღმის დაპროექტების დღიდან იყო დიდი დიღმის საჯარო სივრცე, ამას მთელი მოსახლეობა იყენებდა როგორც სარეკრეაციო სივრცეს. ბევრჯერ ვითხოვეთ მისი კეთილმოწყობა, მაგრამ ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ეს ტერიტორია გადაეცა ფეხბურთის ფედერაციას და გამიზნულია საფეხბურთო ბაზის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება მხოლოდ სპორტსკოლებს და ადგილობრივი მოსახლეობა დაკარგავს წვდომას“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა მარინა ვარშალომიძემ.
მოსახლეობა ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ფუნქციის აღდგენას და ტერიტორიაზე პარკის მოწყობას ითხოვს.