დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას
დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას, – ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.

მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, დაჩქარდება იმის გამო, რომ უკრაინის არმია უკვე შეიარაღებულია ალიანსის მიერ მიწოდებული ტექნიკით.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ, ზბიგნევ რაუმ გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება დაჩქარებული წესით, რაც გამოიყენა ფინეთმა, როდესაც იგი შეუერთდა ალიანსს ამ წლის დასაწყისში.

„პოლონეთის პოზიცია აქ ძალიან მკაფიოა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ ალიანსის ინსტიტუციურ განზომილებაში, რომ მოხდეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურების ადაპტირება ალიანსის სტანდარტებთან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს აქვთ „დიდი გამოცდილება ნატო-ს სტანდარტული აღჭურვილობის და ნატო-ს ტაქტიკის გამოყენებაში“ და ამან უნდა შეამციროს ალიანსში შესვლის დრო.

„პროცესი, რომლითაც შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს გაწევრიანების შესახებ და საბოლოოდ ფინეთი შეუერთდა ნატო-ს, იყო შემოკლებული, რადგან ვაღიარეთ, რომ ისინი არიან მაღალკვალიფიციური სამხედრო ძალა. ვფიქრობ, რომ გვაქვს ვალდებულება, ვაღიაროთ რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები ბოლო 18 თვის განმავლობაში“, – აღნიშნა კლევერლიმ.