დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ღია მხარდაჭერით გამოვიდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ღია მხარდაჭერით გამოვიდა. ტრასმა განაცხადა, რომ აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი უნდა დაბრუნდეს.
ტრასმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
„მე არ ვფიქრობ, რომ ბაიდენი განსაკუთრებულად უჭერს მხარს გაერთიანებულ სამეფოს. ვფიქრობ, რომ ის ხშირად არის ევროკავშირის მხარეს. ცხადია, ვისურვებდი თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტის ხილვას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მან დადებითი პასუხი გასცა.
ტრასის თქმით, მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. მისივე თქმით, დასავლეთის ოპონენტებს ტრამპის პრეზიდენტობის უფრო მეტად ეშინოდათ, ვიდრე ჯო ბაიდენის. ტრასის თქმით, ტრამპი უფრო აგრესიული იყო ირანისა და ჩინეთი მიმართ. მან ასევე შეაქო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, „ჯაველინების“ გადაცემის გამო.
„მე არ ვამბობ, რომ ვეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ტრამპი ამბობდა, მაგრამ ვეთანხმები იმას, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყო“, – თქვა ლიზ ტრასმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლიზ ტრასი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი გზავნილით გამოდის. შარშან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ „უოლ სთრით ჯოურნალში“ გამოქვეყნებულ საავტორო წერილში იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი 2024 წელს თეთრ სახლში დაბრუნდება.