დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საკონტეინერო პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საკონტეინერო პორტის თანამშრომლებმა რვადღიანი გაფიცვა დაიწყეს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ფელიქსტოუს პორტის თანამშრომლები 40 წლის მანძილზე პირველად გაიფიცნენ. გაფიცულია 2 000-მდე თანამშრომელი.
პროფკავშირი Unite-ი, ქვეყანაში საცხოვრებელი ხარჯების ზრდის გამო, პორტის თანამშრომელთათვის ხელფასის ზრდას მოითხოვს. მათი ცნობით, პორტი საკმაოდ მომგებიანია და მხოლოდ 2020 წელს მოგებამ 100 მილიონ ფუნტს მიაღწია.
პორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, პროფკავშირს აცნობეს, რომ მზად არიან ხელფასების საშუალოდ 8 პროცენტით გაზრდისთვის და 10 პროცენტით დაბალანაზღაურებადი თანამშრომლებისთვის, თუმცა აღნიშნულ შემოთავაზებაზე პროფკავშირმა უარი განაცხადა და ხელფასების მნიშვნელოვან გაზრდას ითხოვენ.
პორტის თანამშრომლების გაფიცვა, წინასწარი ინფორმაციით, რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც სააგენტო წერს, გაფიცვები დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყო რკინიგზის თანამშრომლების მიერ და ქვეყნის ეკონომიკის რიგი სექტორები მოიცვა. გაფიცულები ქვეყანაში ინფლაციის ზრდის გამო, ხელფასების მნიშვნელოვან მომატებას მოითხოვენ.