დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის გადადებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, რომელიც ავალდებულებს ტერეზა მეის ევროკავშირს ბრექსიტის პროცესის გახანგრძლივება მოსთხოვოს, 313-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 312. დღეს ამ დოკუმენტს ლორდთა პალატაში განიხილავენ.
კანონპროექტი დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პარტიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს. მათი თქმით, აუცილებელია, გაერთიანებულმა სამეფომ ე.წ. ხისტი ბრექსიტი აიცილოს თავიდან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს, დაარწმუნოს ბრიუსელი, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა 22 მაისამდე უნდა გადაიდოს.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თუ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის თანმიმდევრულ გეგმას ვერ დაამტკიცებს, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 12 აპრილს უნდა დატოვოს.