„ბიბისი“ - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად ნაკლებსავარაუდოა, უკრაინაში ბრიტანეთმა თავისი ჯარისკაცები გაგზავნოს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინაში ბრიტანეთმა თავისი ჯარისკაცები გაგზავნოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბენ უოლესის თქმით, უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, შესაბამისად ნაკლებსავარაუდოა, რომ ბრიტანეთმა ან სხვა ვინმემ უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცები გაგზავნოს და რუსეთი გამოიწვიოს. მისი თქმით, უკრაინაში იციან, რომ ლონდონი არ აპირებს ჯარების გაგზავნას. ამასთან, უოლესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინელი ხალხის გვერდით დგანან და ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ნოემბერში აშშ-ის მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის მზადებაში დაადანაშაულეს. საუბარი შეეხო უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების და სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობით კონცენტრაციას.
მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს და აშშ-სგან და ნატო-სგან წითელი ხაზების დაცვას მოითხოვს. ამასთან, ორი დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებების საკუთარი პროექტი, რომელიც ეფუძნება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას.