ბრიტანეთის შს მინისტრი - ბრექსიტის შემდეგ ქვეყანაში დარჩენის სურვილი ევროკავშირის 750 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა
ბრიტანეთის შს მინისტრი - ბრექსიტის შემდეგ ქვეყანაში დარჩენის სურვილი ევროკავშირის 750 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა

ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში დარჩენის სურვილი ევროკავშირის 750 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა. „ევრონიუსის“ ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

საჯიდ ჯავიდის განმარტებით, ამ რაოდენობის მოქალაქეებმა დიდ ბრიტანეთს შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართეს. მათი დიდი ნაწილი პოლონეთის, რუმინეთის და იტალიის მოქალაქეები არიან.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის სამ მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს. მათი სამომავლო ბედი ბრიუსელსა და ლონდონს შორის ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე შესაბამისი აპლიკაციის შევსება შეეძლებათ, რომლის საშუალებითაც ბრექსიტის შემდეგ ისინი დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

„ევროკავშირის მოქალაქეები ჩვენი მეგობრები, მეზობლები და კოლეგები არიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან ბევრს აკეთებენ. ამიტომ, რაც უნდა მოხდეს ბრექსიტთან დაკავშირებით, ჩვენ მათი დარჩენა გვსურს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. თუმცა ტერეზა მეის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე უარის თქმის შემდეგ ვითარება გართულდა. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების დამტკიცებაზე უარს ამბობს. პარალელურად, ბრიუსელში აცხადებენ, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება საბოლოოა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აღარ გაიმართება.